გიორგი მამალაძის საქმე

ნადირაშვილი: ჩემთვის გაუგებარია, როცა რისკავ საზღვარზე ციანიდით გადასვლას

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რომლებსაც პროკურატურამ პასუხი უნდა გასცეს. ნადირაშვილისთვის გაუგებარია, როცა "ციანიდით რისკავ საზღვარზე გადასვლას".

"აუცილებელია, ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე პროკურატურამ მეტი სიცხადე შეიტანოს - გამოაქვეყნოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ამ საქმის ირგვლივ არსებობს და ამ კითხვის ნიშნებს დაუსვას წერტილი. პირველი ეჭვი, რომელიც მიჩნდება - რატომ იყო პროკურატურა ჩუმად? ჩვენ ვიცით, რომ ორი დღის წინ ეს ადამიანი დააკავეს. კითხვის ნიშნებიც ჩნდება. არ ვიცი, შესაძლოა ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, ამიტომ, ვითხოვთ, რომ ამ მტკიცებულებებს ვიცნობდეთ. ეს არ ეხება რიგით ადამიანს. ქვეყნის ბედისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი ამბავი, როდესაც შეიძლება ასეთი ტიპის მკვლელობის მცდელობა იყოს ქვეყანაში... ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ადამიანი ციანიდით რისკავ და გადადიხარ საზღვარზე", - ამბობს ირმა ნადირაშვილი.

ამასთან, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა თქვა, რომ ილია მეორეს არ სჯერა მისი შესაძლო მოწამლვის ვერსიის, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოში არ აქვთ.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან, მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქმეზე მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, თუმცა, "საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე", პროკურატურა მათ გასაჯაროებას და "დეტალებზე საუბარს" არ აპირებს. შოთაძის თქმითვე, ამ ეტაპზე, დანაშაულის სავარაუდო მოტივი - ანგარებაა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, საქმეს "არანაირი გრიფი საიდუმლო არ ადევს". 

კომენტარები