ფარული მოსმენები

თალაკვაძე: გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერზე გამოძიება სწრაფად უნდა დაიწყოს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერზე ბრალეული პირების გამოსავლენად პროკურატურას სწრაფ გამოძიებას სთხოვს.

"დღეს, როდესაც უკვე სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო, კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება", - ამბობს თალაკვაძე.

ქართული ოცნების დეპუტატი ასევე ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და ნიკა გვარამიამ მოაწყვეს საჯარო პროვოკაციების სერია მერიასთან და უზენაეს სასამართლოსთან.

"ახლა, როცა შეკითხვებს გაეცა პასუხი, ნათელი ხდება ამ პოლიტიკური ისტერიის რეალური მიზეზებიც, რასაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვაკვირდებით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ცხადია, რომ მას შემდეგ, რაც გახმაურდა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ალავიძის და ქათამაძის საქმეებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, სავარაუდო ზეწოლისა და მათი მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, ენმ-ს და ნიკა გვარამიას სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა დაეგეგმათ და პოლიტიკურ სატელიტებთან ერთად განეხორციელებინათ საჯარო პროვოკაციების სერია უზენაეს სასამართლოსთან და მერიასთან. მანამდე კი ეწარმოებინათ ცილისმწამებლური კამპანია მოსამართლეების მიმართ, რომლებზეც ზეგავლენა, სავარაუდოდ, თვითონ ვერ მოახდინეს", - თქვა თალაკვაძემ.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ ნიკა გვარამია და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი საუბრობენ. ამასთან, შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ "დადასტურდა საუბრის ავთენტურობა, ექსპერტიზის დასკვნით, ჩანაწერი დამონტაჟებული არ არის, საუბარს უწყვეტ რეჟიმში ასახავს, მასში დაფიქსირებული ხმები კი, ნამდვილად მამუკა ახვლედიანს და ნიკა გვარამიას ეკუთვნით".

კრიმინალურ პოლიციაში ნიკა გვარამია 18:00-ზე უნდა გამოცხადდეს. რუსთავი ორის გენერალური დირექტორი დღეს, 15:00-ზე ბრიფინგს გამართავს.

ახლედიანი-გვარამიას აუდიოჩანაწერი 3 ოქტომბერს გავრცელდა. მაშინ რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ სუს-ი თავის პერსონალურ კომპიუტერში შეღწევასა და კიბერდანაშაულში დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს ჩანაწერი არ არის სატელეფონო საუბარი. გვარამიას განმარტებით, აუდიოჩანაწერი თავადვე გააკეთა დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც მამუკა ახვლედიანმა თავად გამოხატა კომუნიკაციის სურვილი. გვარამიას თქმით, მან კოლეგებისგან მიიღო რჩევა, რომ საუბარი ჩაეწერა, თუმცა, ვინაიდან ჩანაწერი რუსთავი 2-ისთვის საინტერესო მასალას არ შეიცავდა, იგი გაანადგურეს.

 

კომენტარები