სტივენ მანუჩინი

Suicide Squad-ის აღმასრულებელი პროდიუსერი აშშ-ის ფინანსთა მინისტრი გახდა

კადრი ფილმიდან თვითმკვლელთა რაზმი
Warner Bros.

Suicide Squad-ის, Batman v Superman-ის, Mad Max-ისა და კიდევ 30-ზე მეტი ჰოლივუდური ბლოკბასტერის აღმასრულებელი პროდიუსერი სტივენ მანუჩინი აშშ-ის ხაზინის მდივანი (ფინანსთა მინისტრი) გახდა. 

53 წლის მანუჩინი 17 წლის მანძილზე საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ში აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობდა, საიდანაც ორიათასიანი წლების დასაწყისში ჰოლივუდში გადაინაცვლა. მანუჩინმა 2004 წელს დააფუძნა Dune Entertainment-ი, რომელმაც ჯამში $500 მილიონით დააფინანსა Twentieth Century Fox-ის ფილმები. მანუჩინის კომპანია უშუალოდ მონაწილეობდა ისეთი ფილმების დაფინანსებაში, როგორიცაა იქს ადამიანების ფრენჩაიზი, ეშმაკი ატარებს პრადას, შავი გედი და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი ავატარი, რომელმაც ბილეთების გაყიდვით $2.79 მილიარდზე მეტი მოაგროვა.

სტივენ მანუჩინის ფიცის დადების ცერემონია
ფოტო: Reuters

2013 წელს Fox-ის და მანუჩინის პარტნიორობა შეწყდა, რის შემდეგაც მან Warner Bros-ში გადაინაცვლა, სადაც უშუალოდ ასრულებდა სტუდიის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმების აღმასრულებელი პროდიუსერის მოვალეობას. imdb-ის მონაცემებით, მანუჩინი 36 ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერია, მათ შორისაა:

  • Lego Movie
  • Edge of Tomorrow
  • ამერიკელი სნაიპერი
  • Mad Max
  • სტაჟიორი
  • Suicide Squad
  • Batman v Superman
  • ბუღალტერი
  • შავი მესა
  • ანაბელი

მანუჩინი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატებს უჭერდა მხარს, მან უშუალოდ დააფინანსა ჰილარი კლინტონის პირველი საპრეზიდენტო კამპანია, მას შემდეგ კი, რაც კლინტონმა ბარაკ ობამას სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა, მანუჩინი ობამას მსხვილი შემომწირველი გახდა. 

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი მან პარტია შეიცვალა და რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. წინასაარჩევნოდ მანუჩინი ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ფინანსებს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები