გიორგი მამალაძის საქმე

ბოტკოველი: არანაირი კორუფციული საქმიანობა "სნოსთან" მიმართებაში არ ყოფილა

ვექტორი,

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ წერილში, რომელიც შესაძლოა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეკუთვნოდეს, გარკვეული საკითხები დრამატიზებულია.

ტელეკომპანია პორველის ეთერში საუბრისას ბოტკოველმა „სნოს“ მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ კომპანიასთან მიმართებაში არანაირი კორუფციული საქმიანობა არ ყოფილა.

„სნოს დაარსება დაკავშირებულია საპატრიარქოსთვის ძალიან ახლობელ ადამიანებთან. ისინი ძალიან ეკლესიური ადამიანები არიან და მათ ჰქონდათ სურვილი, რომ მუდმივად საპატრიარქოს რომ პრობლემა აქვს ფინანსებთან დაკავშირებით, ისინი დახმარებოდნენ ეკლესიას. ისინი ისედაც ეხმარებოდნენ ეკლესიას, მაგრამ სნოს დაარსებით შეიძლებოდა საპატრიარქოს რაღაც სარგებელი ენახა. აქედან გამომდინარე, ამ ქარხნის საქმიანობაში ჩვენ ძალიან მინიმალური წვლილი უნდა შეგვეტანა. ჩვენ უნდა დავხმარებოდით მათ ბაზრის გატანაში საზღვარგარეთ. ასეთი საშუალება არსებობდა, გვპირდებოდნენ, რომ ასეთი საქმიანობის გაკეთება ლეგიტიმური იყო ეკლესიისთვის, იმ საწარმოს გვერდით. სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ვერ შედგა, სნო დაარსდა, მაგრამ მას არ ჰქონდა იმხელა მოცულობის სამუშაოები, რომ საწარმო რენტაბელური ყოფილიყო. ამიტომ, არც ერთ წელს ამ საწარმოს მოგებაზე არ უმუშავია, სულ მინუსები ჰქონდათ. შესაბამისად, მათ საპატრიარქოში არაფერი არ მოუტანიათ, ყოველ წელს რამდენიმე მილიონიანი გარღვევა ჰქონდათ“, - ამბობს ბოტკოველი.

მისივე მტკივებით, პატრიარქმა მას და ქორეპისკოპოს იაკობს დაავალა მისულიყვნენ საწარმოში და უარი ეთქვათ წილზე.

„მე და მეუფე იაკობს, ქორეპისკოპოსს დაგვავალა მივსულიყავით საწარმოში და გვეთქვა ადმინისტრაციისთვის, რომ ძალიან პატივს ვცემთ მათ განზრახვას, რომ ისინი ცდილობდნენ ჩვენთვის სარგებელი მოეტანათ, მაგრამ რადგანაც საწარმო არარენტაბელურია, უარს ვამბობდით წილზე, რომელიც შეძლება იქედან მიგვეღო. ასე დავემშვიდობეთ სნოს და ამით დამთავრდა მთელი ეს ისტორია. მე არ ვიცი მამა გიორგის ამ წერილში რატომ არის ეს საკითხი ასე დრამატიზებული და რატომ ცდილობს, რომ ეს რაღაცნაირად კორუფციულ გარიგებებს დაუკავშიროს. ეს საკითხი მისმა უწმინდესობამ პირადად იცის, პირადად დაგვავალა ჩვენ შევხვედროდით სნოს ადმინისტრაციას და გვეთქვა, რომ ის 20%, რომელიც საპატრიარქოსთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, დაებრუნებინათ. ეს არის სნოს ისტორია და იქნებ ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს აზრთა სხადასხვაობები ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბოტკოველმა.

აღსანიშანავია, რომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს ბიზნეს რეესტრზე გამოქვეყნებული ამონაწერის მიხედვით, შპს „აქვა გეოს“ (სნო) 100%-იანი წილის მფლობელი ვახტანგ ლიპარტიანია. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ლიპარტიანი ასევე ფლობს წილებს „მეღვინეობა ხარებაში“ და შპს „ვაჩნაძიანში“. გარდა ამისა, 2014 წელს მან „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 37 ათასი ლარი შესწირა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გუშინ, 13 თებერვალს გაავრცელა წერილი, რომელიც, კონფიდენციალური წყაროს მტკიცებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წმიდა სინოდის ბოლო სხდომამდე გაუგზავნა და რომელიც საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ დარღვევებს ეხება. წერილში საუბარია კომპანია "სნოს" შესახებაც.

მამალაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს, რომ მან რამდენჯერმე მიმართა წერილით წმიდა სინოდს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ მამა გიორგი კონკრეტულად გუშინ გავრცელებული წერილის ავთენტურობას ვერ ადასტურებს, რადგან მის შინაარსს არ გასცნობია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული წერილი შესაძლოა ნამდვილად დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეკუთვნოდეს, რადგან იქ მოყვანილი საკითხებთან მას ნამდვილად ჰქონდა შეხება. თუმცა, ბოტკოველის თქმით, ბევრი საკითხი დრამატიზებულია და ამ თემების პატრიარქისთვის ამ ფორმით მიწოდება არასწორია, რადგან მამალაძეს ჰქონდა ილია მეორესთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან, მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს სახალხო დამცველი შეხვდა. ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მამალაძე ბრალს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას ციანიდი არ ჰქონია. გარდა ამისა, დეკანოზი სახალხო დამცველთან საუბარში ამბობს, რომ ბრალში, რომელიც მას ოფიციალურად წარედგინა, მაღალ სასულიერო იერარქზე საუბარი საერთოდ არ არის. უჩა ნანუაშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს საჯარო. ამასთან, ომბუდსმენის თქმით, მამა გიორგის დაკავება, სავარაუდოდ, პროცედურული დარღვევებით მოხდა.

საქმესთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადებები ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა. პრემიერმინისტრის თქმით, "აღკვეთილია ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა". ვიცეპრემიერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ თავიდან იქნა აცილებული "უმძიმესი დანაშაული სრულიად სახელმწიფო წინაშე". 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მთავრობისა და პარლამენტის მაღალჩინოსნები დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმციას უხეშად არღვევენ. HRIDC შეშფოთებულია ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებებით. ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის თანახმადაც, უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლების შემადგენელ უმნიშვნელოვანეს პრინციპს.

კომენტარები