გიორგი მამალაძის საქმე

შორენა თეთრუაშვილი ბრალდებებზე: ეს მე არ მეხება

საზოგადოებრივი მაუწყებელი

პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი მიიჩნევს, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას ბრალდებები მას არ ეხება.

ამის შესახებ მან ბერლინში, მოამბესთან განაცხადა. შორენა თეთრუაშვილმა ჟურნალისტის სხვა კითხვებს არ უპასუხა.

"საყვარელო, ეს მე არ მეხება. სხვა ადამიანზე ლაპარაკობს, ეტყობა და ეს მისი პრობლემაა", - ამბობს თეთრუაშვილი.

მეუფე პეტრე ცაავამ, გუშინ, 14 თებერვალს რუსთავი 2-ის ეთერში შორენა თეთრუაშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს "ოქროს თევზს" ეძახის.

გარდა ამისა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა 13 თებერვალს არ გამორიცხა, რომ მაღალიერარქის მოწამვლის მცდელობაში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, შესაძლოა, პროვოკაცია შორენა თეთრუაშვილმა და იმ ძალებმა მოუწყვეს, "რომლებმაც ეს ქალბატონი საპატრიარქოში მოიყვანეს". მიტროპოლიტის განცხადებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ქონების მართვის დეპარტამენტში არაერთი კორუფციული სქემა და დარღვევა აღმოაჩინა, რაც, მისი თქმით, შესაძლოა გამხდარიყო თეთრუაშვილის მხრიდან პროვოკაციის მოწყობის საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ საქმეზე განცხადება გააკეთა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემაც. მისი თქმით, დაკავებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს ბრალად არა პატრიარქის ან სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, არამედ პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლა ედება. ადვოკატის კომენტარი ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. მამუკა ნოზაძე მამალაძის ადვოკატი არ არის, თუმცა ადვოკატის მტკიცებით, მან ინფორმაცია სანდო წყაროსგან მოიპოვა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან, მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახალხო დამცველი შეხვდა. ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მამალაძე ბრალს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას ციანიდი არ ჰქონია. გარდა ამისა, დეკანოზი სახალხო დამცველთან საუბარში ამბობს, რომ ბრალში, რომელიც მას ოფიციალურად წარედგინა, მაღალ სასულიერო იერარქზე საუბარი საერთოდ არ არის. უჩა ნანუაშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს საჯარო. ამასთან, ომბუდსმენის თქმით, მამა გიორგის დაკავება, სავარაუდოდ, პროცედურული დარღვევებით მოხდა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 13 თებერვალს გაავრცელა წერილი, რომელიც, კონფიდენციალური წყაროს მტკიცებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წმიდა სინოდის ბოლო სხდომამდე გაუგზავნა და რომელიც საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ დარღვევებს ეხება.

მამალაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს, რომ მან რამდენჯერმე მიმართა წერილით წმიდა სინოდს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ მამა გიორგი კონკრეტულად გუშინ გავრცელებული წერილის ავთენტურობას ვერ ადასტურებს, რადგან მის შინაარსს არ გასცნობია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული წერილი შესაძლოა ნამდვილად დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეკუთვნოდეს, რადგან იქ მოყვანილი საკითხებთან მას ნამდვილად ჰქონდა შეხება. თუმცა, ბოტკოველის თქმით, ბევრი საკითხი დრამატიზებულია და ამ თემების პატრიარქისთვის ამ ფორმით მიწოდება არასწორია, რადგან მამალაძეს ჰქონდა ილია მეორესთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ საქმესთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადებები ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა. პრემიერმინისტრის თქმით, "აღკვეთილია ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა". ვიცეპრემიერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ თავიდან იქნა აცილებული "უმძიმესი დანაშაული სრულიად სახელმწიფოს წინაშე". 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მთავრობისა და პარლამენტის მაღალჩინოსნები დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფციას უხეშად არღვევენ. HRIDC შეშფოთებულია ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებებით. ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის თანახმადაც, უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლების შემადგენელ უმნიშვნელოვანეს პრინციპს.

კომენტარები