რუსთავი 2-ის საქმე

აბესაძე: ნაზღაიძეზე კომპენსაციის გაცემის არანაირი კანონიერი საფუძველი არ იყო

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ პროკურატურა დატოვა. ის უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. საქმე ეხება მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის გადაცემას. ირაკლი აბესაძე აღნიშნულს კორუფციულ სქემას უწოდებს და პროკურატურისგან საქმის გამოძიებას ითხოვს. დეპუტატი ამბობს, რომ ზვიად ნაზღაიძე ცდილობს, ქონება ზვიად ჩოხელზე გადააფორმოს, რაც, დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, გაართულებს სახელმწიფოსთვის კუთვნილი ქონების დაბრუნებას.  

"ვისაუბრეთ იმაზე, რაზეც საჯარო სივრცეშიც ვსაუბრობთ ამდენი ხანია, რომ თბილისის მერიას არცერთი საფუძვლით არ ჰქონდა საშუალება, კომპენსაციის სახით გაეცა მილიონი ლარი. თუკი თბილისის მერია გადაუდებელი აუცილებლობით მოახდენდა ნაკვეთის ჩამორთმევას, მაშინ თავად თბილისის მერიის მიერ დაკვეთილი დასკვნით, მიწის ღირებულება იყო 23 ათასი ლარი და 50-ჯერ მეტი კომპენსაცია გასცა, ვიდრე დადგენილი იყო. თუკი ვსაუბრობთ კომპენსაციის გადახდის წესზე, მაშინ ნაზღაიძე სტიქიით არ დაზარალებულა და მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი განთავსებული არ იყო, რაც სავალდებულო წინაპირობაა კომპენსაციის გაცემის. არანაირი კანონიერი საფუძველი კომპენსაციის გაცემის არ არსებობდა", - თქვა აბესაძემ პროკურატურის დატოვების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ოჯახის წევრს თბილისის მერიამ 1 მილიონი ლარი გადასცა. თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულებით, მოსამართლის ოჯახს მერიამ სანდრო ეულის ქუჩაზე 515 000 ლარად შეფასებული 5000 კვ.მ მიწა გადაუფორმა, 129 000 ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, 43 000 დოლარი - საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, 220 000 ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ აღნიშნული საქმის შესახებ ინფორმაცია მედიას მიაწოდა. აბესაძის თქმით, ვერეს ხეობაში მდინარის პირას ნატალია ნაზღაიძის ძმა 2013 წლიდან მიწის ნაკვეთს ფლობდა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ეს მიწის ნაკვეთი სტიქიის ზონაში მოექცა და, შესაბამისად, იქ ნებისმიერი სახის მშენებლობა აიკრძალა, თუმცა, მერიამ მაინც გადაწყვიტა, ნაკვეთი, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ გააჩნია, სასწრაფო წესით, ორგანული კანონის გადაუდებელი აუცილებლობის მუხლით გამოესყიდა. აბესაძე მერიას და საკრებულოს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს.

კომენტარები