გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

პროკურატურა თარგამაძის საქმეზე მსჯავრდებულის გათავისუფლებას გაასაჩივრებს

ენმ

პროკურატურა გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე მსჯავრდებულ ბორის ჩაგუნავას მიმართ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. როგორც ცნობილია, მას ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ. სასამართლომ განაჩენი 2017 წლის 9 თებერვალს გამოიტანა, რომლის თანახმადაც, ის დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც პირობით მსჯავრად ჩაუთვალა და გამოსაცდელ ვადად დაუდგინა 6 წელი. 

"არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩადენილი დანაშაულის კატეგორიიდან და ჩაგუნავასგან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების რაოდენობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი მსუბუქია, მიუხედავად იმ შემამსუბუქებელი გარემოებებისა, რაც სასამართლომ მიუთითა გადაწყვეტილებაში“, - თქვა პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულ დავით ხეჩუაშვილს, პროკურორის თქმით, მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე დღეს პროკურატურაში თავისი საქმის მასალების გასაცნობად იმყოფებოდა.

2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება.

კომენტარები