რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერზე მამუკა ახვლედიანი დაკითხვაზე დაიბარეს

მამუკა ახვლედიანი
ipress.ge

გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი კრიმინალურ პოლიციაში ხვალ, 18:00 საათზე დაკითხვაზე დაიბარეს. თუმცა, ის დაკითხვას სასამართლოს წინაშე მოითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიბარებენ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, რომელიც გუშინ გამოკითხვაზე არ მივიდა და მოითხოვა, მოსამართლის წინაშე დაეკითხათ. ამიტომაც, კრიმინალურმა პოლიციამ სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით მიმართა.

2016 წლის 3 ოქტომბერს გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ დაადასტურა და თქვა, რომ ფაილი დამონტაჟებული არ არის, რასაც გვარამია აქამდე ამტკიცებდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ აღნიშნულ ჩანაწერში "გვარამია ახვლედიანს 6 მილიონიდან წილს სთავაზობს". გვარამიას მტკიცებით კი, რეალურად ის ორ ადამიანს ესაუბრებოდა და არა მხოლოდ ახვლედიანს. რაც შეეხება შესაძლო ქრთამს, მისი თქმით, იმდროინდელ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს სთავაზობდა, რომ სისტემაში არსებულ დარღვევებზე ღიად საუბრის სანაცვლოდ, მის უსაფრთხოებას დაიცავდა, ფინანსურის ჩათვლით.

"თუ ვინმემ არ იცის, განვმარტავ, რომ არსებობს ე.წ. whistle blower [მამხილებლის ინსტიტუტი], ანუ ადამიანის, რომელიც ამხელს სისტემას შიგნიდან... ეს არ არის პირველი რუსთავი 2-ის პრაქტიკაში იმიტომ, რომ წყაროს უსაფრთხოება ყოველთვის უნდა იყოს დაცული, ეს მედიის ინტერესშია. მაგრამ, ბატონმა ახვლედიანმა თქვა, რომ მისთვის არაფერი არ არის ცნობილი და იგი, უბრალოდ, მესაუბრა სასამართლოში შექმნილ მძიმე ვითარებაზე", - თქვა გვარამიამ.

გვარამიას მიერ ქრთამის შეთავაზებას უარყოფს თავად ახვლედიანიც.

კომენტარები