საყოველთაო ჯანდაცვა

მთავრობის დადგენილებით, 150 ათასი ადამიანი საყოველთაო ჯანდაცვის გარეშე დარჩება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 9 თებერვალს მიიღო დადგენილება, რომლითაც გაიმიჯნება საყოველთაო ჯანდაცვისა და კერძო დაზღვევის პაკეტები. ამის შემდეგ, დაახლოებით 150 ათასი ადამიანი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღმა დარჩება. 

დადგენილების მიხედვით, ის პირები, ვინც 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ნებისმიერი ტიპის კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობენ, პირველი მარტიდან ავტომატურად ამოვარდებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. მეტიც, ეს ადამიანები პროგრამას ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დატოვებენ.

ვინ დაზარალდება ცვლილებებით:

საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტით დაახლოებით 550 ათასი ადამიანი სარგებლობს, აქედან 400 ათასი ადამიანი -  სრული პაკეტით, 150 ათას ადამიანს კი შერეული ტიპის, ეგრეთწოდებული "დაშენებული სისტემის" სადაზღვევო პაკეტები აქვს. ცვლილებების შედეგად სწორედ ეს 150 ათასი ადამიანი დაზარალდება, რადგანაც ამ ტიპის კერძო სადაზღვევო პაკეტი ნაწილობრივია და ბენეფიციარი მას საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტთან ერთად იყენებს. 

"შერეული ტიპის" სადაზღვევო პროგრამები იმ ტიპის ჯანდაცვის პაკეტებია, რომლებიც ფარავენ სერვისებს, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულად არ აფინანსებს (ამბულატორიული მკურნალობა, მედიკამენტები, სტომატოლოგია და სხვა). ეს დაზღვეულები პირველი მარტის შემდეგ დარჩებიან კატასტროფული ხარჯების დაფინანსების გარეშე, რომლებიც მაგალითად დაკავშირებულია ჰოსპიტალურ და ონკოლოგიურ სამედიცინო სერვისებთან. არსებული მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მეტ-ნაკლებად სრულად ფარავს მსგავსი ტიპის ხარჯებს. შესაბამისად, პირველი მარტის შემდგომ, 150 ათასი ადამიანი ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზისური ნაწილის გარეშე დარჩებიან.

დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციაში აპროტესტებენ და მის შეჩერებას მოითხოვენ. სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ “დაშენებული” ტიპის სადაზღვევო პროდუქტები მომხმარებლებმა იმ მცირე ნაწილის შესავსებად შეიძინეს, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს, ახლა კი, ამ მცირე ნაწილის გამო ისინი დაზღვევის ძირითად ნაწილს კარგავენ.

"ჩვენი აზრით, აღნიშნული დადგენილება სტიმულს მისცემს უამრავ ადამიანს, გააუქმოს კერძო დაზღვევა ან აღარ შეიძინოს ინდივიდუალური პაკეტი, რაც გამოიწვევს დაზღვეულების გადადინებას საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში და შედეგად საბიუჯეტო დანახარჯების ზრდას.

ჩვენ არ გვესმის, რა გათვლებს ეფუძნება ჯანდაცვის სამინისტროს ეს ინიციატივა, რომელიც გაცხადებულად საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციასა და სერვისების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ჩვენი აზრით, შედეგად საქართველოში ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ეფექტურობისა და ეფექტიანობის მნიშვნელოვან შემცირებას მივიღებთ", - ამბობს ხეჩინაშვილი.

რატომ მიიღო მთავრობამ დადგენილება:

მთავრობამ აღნიშნული დადგენილება სავარაუდოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების დაზოგვის მიზნით მიიღო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გასული წლების მანძილზე უკონტროლო ხარჯები ჰქონდა, რის გამოც მისთვის წლის ბოლოს ფულის დამატება ხდებოდა საჭირო.

2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 570 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. უკვე აგვისტოში ჩანდა, რომ ეს თანხა პროგრამისთვის საკმარისი არ იქნებოდა და ხარჯვის არსებული ტემპით, მისი ბიუჯეტი სავარაუდოდ 7 ნოემბერს ამოიწურებოდა. ამიტომაც ჯანდაცვის სამინისტრომ 19 ოქტომბერს საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით პროგრამისთვის დამატებით 35 მილიონი გამოყო, თუმცა პროგრამის 31 დეკემბრამდე უხარვეზოდ მიღწევისთვის ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს თანხა 2016 წლის 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც წლის ბოლოს პროგრამას 18 მილიონი ლარი დაემატა. შედეგად, პროგრამის ბიუჯეტი 623 მილიონამდე გაიზარდა.

მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 2015 წელსაც არ ეყო. პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. 2015 წელს პროგრამის ბიუჯეტი 566 მილიონ ლარს შეადგენდა. 

2017 წლისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 660 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ლომინაძე

კომენტარები