საქართველოს საპატრიარქო

მეუფე პეტრე: ჩვენ და ხელისუფლებას საერთო პრესკონფერენციის გაკეთება მოგვიწევს

exclusivenews.ge

მეუფე პეტრემ დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროში მოინახულა. ჭყონდიდის მიტროპოლიტი დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის საქართველოში ჩამოსვლისთანავე უნდა გათავისუფლდეს.  

"მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები, შეიძლება ითქვას, თითქმის გამართლდა, 100%-ით. ძალიან დიდ სკანდალსა და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება - ერთად ორივე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს და მამა გიორგი ძალიან მალე უნდა გამოვიდეს, პატრიარქის ჩამობრძანებისთანავე უნდა დატოვოს საპყრობილე. მე პირადად, მზად ვარ, ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლო იმისთვის, რომ ეს ადამიანი, როგორც უდანაშაულო, იქნეს დაცული", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის თქმით, ხელისუფლების და საპატრიარქოს წევრები, სავარაუდოდ, საერთო პრესკონფერენციის გამართავენ.

"როდესაც პატრიარქის თანმხლები პირების და წმინდა სინოდის წევრების ჯგუფი ჩამოვა და ჩვენ შევიკრიბებით, ხელისუფლებასთან ერთად უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, თუ როგორი განცხადება შეიძლება, გაკეთდეს. საერთო პრესკონფერენციის გაკეთება მოგვიწევს, ალბათ. მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო და ეს არის კაგებეშნიკური, მზაკვრული დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა გაეხვა შარზე. ჩემი ეჭვია, რომ ნაწილობრივ ეს ასევე იყო მიმართული ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ", - ამბობს მეუფე პეტრე.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ასევე აღნიშნა, რომ მეუფე იაკობი "პატრიოტი ადამიანია, თუმცა, ის უნებლიეთ, არის ასევე შემადგენელი ნაწილი ამ ინტრიგისა". მისივე შეფასებით, პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოს მტრების პოზიციას წარმოადგენს.

"დღემდე იბრძვის ის ძალები, რომლებმაც მსგავსი მმართველობა დაამკვიდრა ქვეყანასა და ეკლესიაში. სამწუხაროდ, ამ ქალის მმართველობა, დღემდე, ათწლეულების მანძილზე, არის ყველაზე დიდი ტრაგედია და ნამდვილად, ამ საუკუნო პრობლემას ჩვენ, ქართველი ერი და ქრისტეს მოსიყვარულე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ეროვნული სულისკვეთების ადამიანები აუცილებლად მივიყვანთ ერთად ბოლომდე. შორენა წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების პოზიციას, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". 

გუშინ, საქართველოს მთავარ პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა - პატრიარქის. 

კომენტარები