ფარული ჩანაწერები

ახვლედიანი: 2 მეტრზე ახლოს გვარამიასთან სხვა ადამიანების გარეშე არასდროს მისაუბრია

მამუკა ახვლედიანი
ipress.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის გამოკითხვა დასრულდა. საქმე ეხება საუბრის ფარულ ჩანაწერს ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს შორის, რომელიც ორი დღის წინ შსს-ს ექსპერტებმა ავთენტურად გამოაცხადეს. ახვლედიანმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მას ორ მეტრზე ახლოს ნიკა გვარამიასთან სხვა ადამიანების თანდასწრების გარეშე, არასდროს უსაუბრია.

"კითხვები არის მხოლოდ იმ ნაწილზე, რაც ეხება ფინანსებს, რაზეც წარმოდგენა არ მაქვს და არასდროს არათუ ჩემთან არ უსაუბრიათ, ჩემი თანდასწრებითაც კი არ შემდგარა ამაზე საუბარი. ამიტომაც დავსვი ეს კითხვა. მე არ ვიცი, როგორ მოხვდა ამ ჩანაწერში - ეს ერთი ჩანაწერია, არის ავთენტური, დამონტაჟებულია, გვარამიამ ჩაიწერა, უშიშროებამ ჩაიწერა თუ არ ვიცი, ვინ ჩაიწერა, ვინ გაავრცელა... მე უფრო მეტი კითხვა მაქვს, მგონი, ვიდრე სხვა დანარჩენს. სრული აბსურდია ამ საკითხებზე საუბარი დადასტურებული ფორმით, რომ ვიღაც ვიღაცას ესაუბრება, ვიღაც ვიღაცის საქმეებში ერევა... ორ მეტრზე ახლოს ნიკა გვარამიასთან სხვა ადამიანების თანდასწრების გარეშე არასდროს მისაუბრია. ერთ საუბარს, რომელიც გავიხსენე, ესწრებოდა 300 ადამიანი და ვუთხარი, რომ შეგიძლიათ გამოკითხოთ სამასივე", - ამბობს ახვლედიანი და აღნიშნავს, რომ "რაც მე მოვისმინე, იქ არის ტექსტები, რომლებიც მე არ მსმენია. ასევე, არის ტექსტები, (რომლებიც თუ იმ სიტუაციას ეხება, სადაც ვვარაუდობ, რომ ჩაწერილია) საუბარი დაახლოებით 2 საათამდე იყო, თუ არ ვცდები და ბევრ სხვა საკითხზე ვსაუბრობდით. როცა ჩანაწერში არ გესმის ის ბევრი სხვა საუბარი, რა თქმა უნდა, გიჩნდება კითხვა - სად წავიდა დანარჩენი ნაწილი".

ინტერპრესნიუსის ცნობით, მამუკა ახვლედიანმა გამოკითხვაზე შესვლამდე თქვა, რომ "როცა ინფორმაციას გამოძიების თაობაზე იგებ პარლამენტის უმრავლესობის ლიდერისგან ბრიფინგიდან, ცოტა უცნაურია ამ ტიპის გამოძიება. გვარამიასი ხან სჯერათ და ხან - არა. როცა ის აცხადებს, რომ მე გავაკეთე ჩანაწერიო, მე მკითხეთ, მჯერა, რომ გვარამიამ გააკეთა? ეს კითხვა არავის გასჩენია? მაშინ ისიც დაიჯერონ, რომ ეს ყველაფერი სისულელეა. წარმოდგენა არ მქონდა ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ და არც ის საუბრები ყოფილა ჩემთან, რაზეც საუბრობენ".

საქალაქო სასამართლოში ორი დღის წინ დაკითხეს ნიკა გვარამია, რომელმაც თქვა, რომ გამოძიება მას წყაროს, ანუ საუბარში მონაწილე მესამე პირის გამხელას სთხოვდა. 

კომენტარები