თამბაქო

ფილიპ მორის საქართველო ათობით მილიონიან ჯარიმას სააპელაციოში ასაჩივრებს

pbs

თამბაქოს საერთაშორისო ბრენდს - ფილიპ მორის საქართველოს საქალაქო სასამართლომ რამდენიმე ათეულ მილიონიანი ჯარიმა დააკისრა. კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. სასამართლოში ფილიპ მორისის მოსარჩელე მხარეს სიგარეტის მწარმოებელი ქართული კომპანია "თბილისის თამბაქო" ("პირველი") წარმოადგენდა.

ფილიპ მორის საქართველოს განცხადება:

"ფილიპ მორის საქართველო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ 2017 წლის 10 თებერვალს გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ჩვენ გვესმის, რომ აღნიშნილი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ჩვენ უმკაცრესად დავიცავთ ჩვენს პოზიციას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს ჯერ არ გამოუცია საბოლოო გადაწყვეტილების ტექსტი, ჩვენ ამჟამად ვერ გავაკეთებთ დამატებით კომენტარს საქმის დეტალებთან დაკავშირებით.

ჩვენ გვჯერა, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები განიხილავენ ჩვენს საქმეს და ჩვენს პოზიციას გაიზიარებენ, რათა ფილიპ მორისმა გააგრძელოს საქართველოს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა, რასაც უკვე 20 წელია კომპანია წარმატებით ახორციელებს, ის ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორიცაა", - წერია ფილიპ მორისის განცხადებაში.

როგორც ცნობილია "თბილისის თამბაქოს" დავის საგანს წარმოადგენდა არგუმენტი, თითქოს კომპანია ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებდა, რაც სასამართლომ გაიზიარა და კომპანია არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და ბაზარზე დემპინგური ფასებით ოპერირებაში დამნაშავედ მიიჩნია და დააჯარიმა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიისთვის გამოწერილი ჯარიმა 92 მილიონი ლარია, თუმცა თავად ფილიპ მორისში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნებამდე ჯარიმის მოცულობაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ფილიპ მორისის თამბაქოს ბრენდებია: L&M, მარლბორო, პარლამენტი და სხვები.

ამ დროისთვის დავის დამატებითი დეტალები უცნობია.

კომენტარები