გიორგი მამალაძის საქმე

ბაქრაძე: შოთაძე უნდა გადადგეს, მისმა განცხადებებმა ქვეყანა გაუგებრობაში შეიყვანა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო ე.წ ციანიდის საქმის გამო, მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, ირაკლი შოთაძემ ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება ემოციურად დაზაფრა და ხელი შეუწყო ქართული ეკლესიის პრესტიჟის დაცემას. დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ განმარტებების ნაცვლად, ხელისუფლება მოსახლეობას "იქით არიგებს ჭკუას". 

"ერთ დღეზე მეტი გავიდა, რაც პროკურატურამ აღიარა, რომ ასეთი საქმე [პატრიარქის მოწამვლის მცდელობა] არ იგეგმებოდა და არც ყოფილა დაგეგმილი მისი უწმიდესობის წინააღმდეგ ასეთი ტიპის შეტევა.

ბოლო 24 საათში, ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი განმარტება შესაბამისი პოლიტიკური უფლებამოსილების პირების მხრიდან, არც ერთი დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებისთვის, არც ერთი ბოდიში იმ ემოციური ზაფრის და შოკისთვის, რომელიც საზოგადოებამ გაიარა ამ დღეებში. განმარტებების, ინფორმაციის, ბოდიშის ნაცვლად, ვიხილეთ უტიფარი განცხადებები ხელისუფლებისგან, რომ მათ ყველაფერი სწორად ახსნეს და უბრალოდ, მოსახლეობამ ვერ გაიგო"- განაცხადა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმითვე, იკვეთება სერიოზული კითხვის ნიშნები დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების მოტივსა და კანონიერებასთან დაკავშირებით.

"თემა, რომელიც შეეხება ეკლესიას, არასდროს არ არის ის თემა, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს პოლიტიკური აქტივობისთვის პარტიის მხრიდან. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ ამ თემის პოლიტიზება გარდაუვლად მოხდა ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც ხელი შეუწყო დაპირისპირებას და ქართული ეკლესიის პრესტიჟის დაცემას" - თქვა ბაქრაძემ.

"ამ სიტუაციის ასე დასრულება იქნება კატეგორიულად მიუღებელი, უმაღლესი პოლიტიკური რანგის პირებმა, ვინც შექმნა ეს სიტუაცია, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი, თუ დღეს არ დადგა პასუხისგების საკითხი, ჩათვალეთ, რომ აღარ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, იმიტომ, რომ თუ არავინ არ აგებს პასუხს იქ, სადაც საკითხი შეეხება შეტევას ჩვენი მოქალაქეებისთვის ემოციურად ყველაზე ძვირფას თემას, ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციას - ეკლესიას, ყველაზე პატივსაცემ და საყვარელ ადამიანს - პატრიარქს, თუ ამ შემთხვევაშიც არ დადგა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ჩათვალეთ, რომ სახელმწიფოში აღარ ვცხოვრობთ, ამიტომ, ჩვენ ვაყენებთ მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს, მისმა გაუაზრებელმა განცხადებებმა გამოიწვია მთელი კასკადი პოლიტიკური განცხადებების, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა ამ გაუგებრობაში" - განაცხადა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობა ორშაბათიდან დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას, მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით.

"მივმართავთ არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ, უმრავლესობის იმ წევრებსაც, ვისთვისაც საღი აზრი, ქართული სახელმწიფო და ეკლესიის ავტორიტეტი უფრო წინ დგას, ვიდრე ქართული ოცნების პარტიული ლიდერები, შემოგვიერთდნენ და ერთად მოვითხოვოთ მთავარი პროკურორის გადადგომა.

ჩვენ არ გამოგვიყენებია ოპოზიციის კვოტა საპროკურორო საბჭოში, რადგან არ ვაპირებდით თანამშრომლობას ივანიშვილის პროკურატურასთან, რომელსაც გააჩნია ნულოვანი ავტორიტეტი საზოგადოებაში, მაგრამ მომავალ კვირას დავაყენებთ საკითხს, რომ ჩვენი წარმომადგენელი შევიდეს საბჭოში, რათა დააყენოს ერთადერთი მთავარი მოთხოვნა - გადადგეს მთავარი პროკურორი. მომავალი კვირიდან გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს და შეიქმნას პრეცედენტი, რომ თუნდაც ერთი პირი ამ ქვეყანაში აგებს პასუხს მთელი იმ ზიანისთვის, რომელიც ამ დღეებში მიადგა ქართულ საზოგადოებას, სახელმწიფოს და ეკლესიას, ეს ზიანი არის ძალან მძიმე და პასუხისმგებლობაც უნდ იყოს მძიმე" - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". 

გუშინ, საქართველოს მთავარ პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა - პატრიარქის. 

კომენტარები