გიორგი მამალაძის საქმე

ომბუდსმენი: დეკანოზის მონაყოლი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება პროკურატურის ვერსიას

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჩაფიძის გულის კლინიკაში დეკანოზ გიორგი მამალაძის სანახავად მივიდა. მისი თქმით, "რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაც ჰყვება დეკანოზი, აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ოფიციალურ ვერსიასთან, რაც პროკურატურის მხრიდან ვრცელდება". ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ "ცალ კარში თამაში" მიმდინარეობს.

"დაცვას არ აქვს უფლება, გარკვეული დეტალები გაამჟღავნოს და დაიცვას ბრალდებული მაშინ, როდესაც ყველა ჩართულ მხარეს ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნების საშუალება აქვს. ეს არის თავიდანვე სერიოზული პრობლემა, სხვას რომ თავი დავანებოთ - იმ ალოგიკურობას მთელ რიგ საკითხებში, რომელიც უკვე გამომჟღავნდა რამდენიმე დღის განმავლობაში", - თქვა ნანუაშვილმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის გულის კლინიკაში გუშინ საღამოს, გონების დაკარგვის დიაგნოზით გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და დეკანოზს დამატებითი გამოკვლევები უტარდება.

პროკურატურამ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". 

ორი დღის წინ, საქართველოს მთავარ პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა - პატრიარქის. 

კომენტარები