დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ირაკლი მამალაძე: დეკანოზი, ციანიდის შოვნის სანაცვლოდ, თანამდებობას მპირდებოდა

ირაკლი მამალაძე
ipress.ge

ციანიდის საქმის მოწმე ირაკლი მამალაძე კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ამბობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მას, ციანიდის შოვნაში დახმარების სანაცვლოდ, საპატრიარქოში საერო თანამდებობას ჰპირდებოდა.

"პროკურატურაში მისვლის საბაბი არ გამხდარა მხოლოდ მამა გიორგის თხოვნა, რომ ციანიდის შოვნაში დავხმარებოდი. მომდევნო შეხვედრებზე დავრწმუნდი, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა დანაშაულებრივ განზრახვას (მამა გიორგი ამ საქმეში დახმარების სანაცვლოდ მპირდებოდა საერო თანამდებობას საპატრიარქოში). როდესაც ჩემს მეგობრებს გავუზიარე ეჭვები იმ სავარაუდო პირებზე, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, მზადდებოდა დანაშაული, მირჩიეს, ეს ინფორმაცია აუცილებლად გამეცნო სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუმცა მაშინ კატეგორიული უარი განვაცხადე. მეორე თუ მესამე დღეს ჩემს ტელეფონზე მამა გიორგიმ დამირეკა და ისეთი რაღაც მითხრა, რომ ნამდვილად მქონდა პერსპექტივა, გავმხდარიყავი მძიმე დანაშაულის თანამონაწილე. ეს ის დღე იყო, როცა პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა. მამა გიორგიმ მითხრა, რომ "ის" სასწრაფოდ სჭირდებოდა, რადგან პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა და თავადაც აპირებდა ჩასვლას", - თქვა ირაკლი მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ, პროკურატურის ვერსიით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერება ციანიდით 10 თებერვალს დააკავეს, როდესაც ის გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც იმ დროისთვის პატრიარქი მკურნალობდა. უწყება 13 თებერვალს ამტკიცებდა, რომ დეკანოზი "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მკვლელობას გეგმავდა. ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებმაც გაამძაფრა აზრი, რომ პატრიარქის მკვლელობა იყო დაგეგმილი. რამდენიმე დღეში კი პროკურატურამ რეზონანსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პატრიარქის ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა, რაც უწყებამ იმავე დღეს "სხვა ინტერპრეტაციის მიცემით" უარყო და საზოგადოებას მოუწოდა, 13 თებერვლის განცხადებით ეხელმძღვანელა.

დაცვის მხარეს კი ამ დრომდე არ აქვს ნებართვა, საკუთარი არგუმენტებით ისაუბროს საქმის დეტალებზე. მხარეთა უთანასწორობის გამო პროკურატურა გააკრიტიკა ომბუდსმენმა.

კომენტარები