მთავარი პროკურატურა

აბესაძე: შეისწავლეთ მთავარი პროკურორის საქმიანობაში სავარაუდო დანაშაულის ნიშნები

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის მთავარი პროკურორის საქმიანობაში დანაშაულის სავარაუდო ნიშნების შესასწავლად სადისციპლინო და საპროკურორო საბჭოებს მიმართავს - ამის შესახებ ირაკლი აბესაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ შესწავლის ლოგიკური დასასრული შოთაძის გადადგომა უნდა იყოს. იმისათვის, რომ სადისციპლინო საბჭომ საქმის წარმოება დაიყოს, საჭიროა 50 დეპუტატის ხელმოწერა.

"ვიწყებთ მიმართვას სადისციპლინო და საპროკურორო საბჭოსადმი, რომ მთავარი პროკურორის საქმიანობაში დანაშაულის სავარაუდო ნიშნების ან დისციპლინური გადაცდომების ნიშნების არსებობის შესახებ დაიწყოს შესწავლა, რომლის ლოგიკური დასასრულიც მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომა უნდა იყოს. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მთავარი პროკურორი პასუხს უნდა აგებდეს საკუთარ ქმედებებზეც, საკუთარ გამონათქვამებზეც, ვინაიდან სწორედ მისმა ქმედებებმა და გამონათქვამებმა მთლიანად სახელისუფლებო გუნდის არასწორმა განცხადებებმა გამოიწვია საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ვნებათაღელვა. ვფიქრობთ, რომ უმრავლესობაშიც აღმოჩნდებიან დეპუტატები, რომლებიც საკუთარ თავს სცემენ პატივს იმდენად, რომ მთავარი პროკურორის ასეთ ქმედებებს არ მოითმენენ და, მინიმუმ, მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების შესწავლას დაუჭერენ მხარს", - თქვა აბესაძემ.

მთავარი პროკურორის გათავისუფლების შესახებ მოძრაობა თავისფლებისთვის - ევროპული საქართველოს ინიციატივას ნაციონალური მოძრაობაც უერთდება. ენმ-ის წევრ თინა ბოკუჩავას თქმით, შოთაძე ნომინალური მთავარი პროკურორია და უნდა დადგეს გიორგი კვირიკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც.

მმართველი გუნდის წევრი სოფიო კილაძე ოპოზიის განცხადებას არასერიოზულად მიიჩნევს.

"ვერაფერს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია ოპოზიციის ეს განცხადება. მოდით, თავი შევიკავოთ იმისგან, რომ კონკრეტულად პატრიარქზე არის საუბარი, იმიტომ რომ პროკურატურამ თქვა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირს ეხებოდა საქმე. პროკურორს პატრიარქი არ უხსენებია", - თქვა კილაძემ.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, თუნდაც ბოდიშის მოხდის სახით.

"სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს განცხადებას, თუ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა, როდესაც პოლიტიკურმა ფიგურებმაც... უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის კუთხითაც იყო სერიოზული გამოწვევები... ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთი არათანაბარი მდგომარეობა კვლავ გრძელდება ბრალდებასა და დაცვის მხარეს შორის, ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ გარკვეული პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. თუნდაც, ეს პასუხისმგებლობა იყოს ბოდიშის მოხდის ან საჯაროდ იმ შეცდომების აღიარების, რომელიც ამ პროცესში დაშვებული იქნა სხვადასხვა მხარის მხრიდან", - ამბობს სახალხო დამცველი.

ორი დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა, თუმცა მოგვიანებით, პროკურატურამ ეს ინფორმაცია უარყო.

კომენტარები