გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: მამა გიორგიმ ბრძანა, რომ ბრალში საუბარია შორენა თეთრუაშვილზე

მიხეილ რამიშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ბრალი დეკანოზს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის აქვს წარდგენილი. 

ახალ ადვოკატს პროკურატურასთან გაუთქმელობის ხელწერილი არ აქვს დადებული.

"საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, როგორც მამა გიორგიმ ბრძანა, მდივან-რეფერენტი", - ამბობს რამიშვილი.

ადვოკატის თქმით, ჩანთა, რომელშიც ამბობენ, რომ ციანიდი აღმოაჩინეს, დეკანოზს დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მიუტანეს.

"როდესაც დააკავეს მამა გიორგი, ის ბარგი, რომელშიც იძახიან, რომ აღმოაჩინეს, 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მიიტანეს იქ, სადაც იყო მამა გიორგი", - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

ადვოკატი ამბობს, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ, პროკურატურის ვერსიით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერება ციანიდით 10 თებერვალს დააკავეს, როდესაც ის გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც იმ დროისთვის პატრიარქი მკურნალობდა. უწყება 13 თებერვალს ამტკიცებდა, რომ დეკანოზი "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მკვლელობას გეგმავდა. ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებმაც გაამძაფრა აზრი, რომ პატრიარქის მკვლელობა იყო დაგეგმილი. რამდენიმე დღეში კი პროკურატურამ რეზონანსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პატრიარქის ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა, რაც უწყებამ იმავე დღეს "მედიის მიერ სხვა ინტერპრეტაციის მიცემით" უარყო და საზოგადოებას მოუწოდა, 13 თებერვლის განცხადებით ეხელმძღვანელა.

დაცვის მხარის სხვა ადვოკატები ამ დრომდე ვერ საუბრობენ საქმის დეტალებზე, რადგან მათ პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი გაუფორმა.

კომენტარები