გიორგი მამალაძის საქმე

ნანუაშვილი: პატრიარქი მამალაძის საქმეზე გარკვეულწილად არის ინფორმირებული

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი გერმანიიდან დაბრუნებულ ილია მეორეს შეხვდა.

ომბუდსმენის თქმით, საუბარი შეეხებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესაც და პატრიარქი გარკვეულწილად ინფორმირებულია.

"მაინტერესებდა მისი უწმინდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის, რომ იგი მშვიდობიანად დაუბრუნდა ქვეყანას. განსაკუთრებით ამ შემთხვევაში და ამ დაძაბულ მდგომარეობაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მისი როლი. ის გარკვეულწილად არის ინფორმირებული, თუმცა ჩვენ ძალიან ზოგადი საუბარი გვქონდა და ალბათ უახლოესი დღეების განმავლობაში უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ჩვენ ყველა ველოდებით და მანაც აღნიშნა, რომ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, იმისათვის, რომ ტემპერატურამ დაიწიოს და საზოგადოება დაწყნარდეს და გაირკვეს რა მოხდა სინამდვილეში", - განაცხადა ნანუაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

ჟურნალისტების კითხვას, ახსენა თუ არა ილია მეორემ დეკანოზი გიორგი მამალაძე, ომბუდსმენი დადებითად პასუხობს:

"კი ახსენა, კი. უბრალოდ ის, რომ გაურკვევლობაა და შესაბამისად, უახლოეს დღეში გაირკვევა რას ჰქონდა ადგილი", - აცხადებს ნანუაშვილი.

საპატრიარქოში დღესვე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის დეპუტატები.

ილია მეორეს პირადი ექიმის ინფორმაციით, პატრიარქის რეაბილიტაციის პროცესი დასრულებულია და მას არანაირი დამატებითი მკურნალობა არ სჭირდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი გერმანიიდან დღეს დაბრუნდა. ის ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა, სადაც ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდა ოპერაცია.

ილია მეორემ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გიორგი მამალაძის საქმეზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საკითხს საპატრიარქო ხელისუფლებასთან ერთად შეისწავლის და დასკვნებს გამოიტანს.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე არ დააკონკრეტა, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურა მამალაძე პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავება. დღეს ეს ინფორმაცია დაადასტურა დეკანოზის ახალმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

დაცვის მხარის სხვა ადვოკატები ამ დრომდე ვერ საუბრობენ საქმის დეტალებზე, რადგან მათ პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი გაუფორმა.

კომენტარები