საბანკო ზედამხედველობა

ქუმსიშვილი: საფინანსო ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში დაბრუნდება

დიმიტრი ქუმსიშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

"მთავრობაზე წარვადგინეთ ჯამში 17 კანონისგან შემდგარი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საფინანსო ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დაბრუნებას", - დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ვიცეპრემიერის თქმით, მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონმდებლობის ზუსტად იმ რედაქციას, რომელიც 2015 წლის სექტემბრამდე, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ დაწერილი კანონის მიღებამდე არსებობდა.

"ჩვენ რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების შედეგად ვთვლიდით, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღარ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ პირვანდელი სახით იმ კანონპროექტებს, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ეხება", - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

ფინანსთა მინისტრის თქმით, სავალუტო ფონდმა მთავრობის ეს გადაწყვეტილება მოიწონა. როგორც ცნობილია სებ-იდან საფინანსო ზედამხედველობის გატანა მთავრობასა და სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი იყო.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახური თამაზ მეჭიაურის მიერ მომზადებული კანონის მეშვეობით ეროვნულ ბანკს გასულ წელს გამოეყო. მეჭიაურის ინიციატივას პრეზიდენტი, ეროვნული ბანკი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. კანონპროექტის გასაპროტესტებლად მსოფლიო ბანკმა (WB), საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი წერილები გაუგზავნეს

გასული წლის 31 ივლისს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, პარლამენტმა ვეტო 3 სექტემბერს დაძლია, პრეზიდენტმა კი მეჭიაურის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელი 10 სექტემბერს მოაწერა. მას შემდეგ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გატანა საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრეს. სასამართლოს ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანია, შესაძლოა სასამართლოს ვერდიქტის დროისთვის გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმები აღარც არსებობდეს. 

საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გატანას ეროვნული ბანკის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. 

კომენტარები