გიგა ოთხოზორიას მკვლელობა

"მოძრაობა თავისუფლებისთვის" ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლით ძებნაზე დასმას ითხოვს

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" გიგა ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლით ძებნაზე დასმას ითხოვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი პარტიის დეპუტატმა ოთარ კახიძემ გამართა.

"ზუსტად ცხრა თვის წინ, გასული წლის 19 მაისს, ორი შვილის მამა გიგა ოთხოზორია ცინიკურად მოგვიკლეს. მისი მკვლელი, რომელიც გადაღებულია ვიდეოფირზე, რაშიდ კანჯიოღლი დღემდე არ არის ინტერპოლით ძებნილ პირთა სიაში. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილი გაუგზავნა ინტერპოლს, მაგრამ ცხრა თვის განმავლობაში როგორ ვერ მოხერხდა, რომ იდენტიფიცირებული პირი, რომლის მხრიდან ოთხოზორიას მკვლელობა დადასტურებულია და მტკიცებულებებით არის გამყარებული, დღემდე ინტერპოლით არ იძებნება მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების დახმარებით, რუსეთის ფედერაცია ახერხებს ჩვენი ოფიცრების ძებნაზე დასმას ისე, რომ არანაირი მტკიცებულებები მათ საქმეებში არ მოიპოვება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს, აწარმოოს კომუნიკაცია ინტერპოლთან და ჩვენი მოქალაქის მკვლელი რაშიდ კანჯიოღლი მოხვდეს ძებნილთა სიაში, რათა შესაძლებელი გახდეს მომავალში მისი საქართველოში ექსტრადირება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა. საქართველოს ხელისუფლება წერილის გაგზავნის გარდა არ აწარმოებს მჭიდრო კომუნიკაციას, რაც გულისხმობს მტკიცებულებების გაცვლას, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტების გაბათილებას და მეორე, საქართველოს ხელისუფლებას იმდენი ინტერპოლით ძებნილი პირი მოუხსნეს პოლიტიკურად მოტივირების გამო, რომ ავტორიტეტი და ნდობა შეიძლება ჰქონდეთ დაკარგული. რომელი მიზეზია არ ვიცი, მაგრამ ცხრა თვის განმავლობაში, ფირზე გადაღებული მკვლელის ინტერპოლის ძებნაზე დასმას რომ ვერ ახერხებს მთავრობა - სამარცხვინოა", - თქვა კახიძემ.

რუსმა ე.წ. მესაზღვრემ გიგა ოთხოზორია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 19 მაისს მოკლა. სუს-ის ინფორმაციით, მკვლელი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლია. მან ოთხოზორიას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო. ზუგდიდის სასამართლომ კანჯიოღლის დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო "საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე".

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გიგა ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლით ძებნაზე დასმასთან დაკავშირებით, სადაც ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ.

კომენტარები