საქართველოს საპარტრიარქო

პრეზიდენტი: პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ არსებულ სირთულეებზე

პატრიარქი ილია მეორე და გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/pg/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საპატრიარქოში საინტერესო დისკუსიას დაესწრო. მისი თქმით, პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ ეკლესიაში არსებული სირთულეების შესახებ.

"მინდა, ყველას გაგიზიაროთ სიხარული იმისა, რომ პატრიარქი დაბრუნდა საქართველოში, თავს გრძნობს მხნედ, ჯანმრთელად, დღეს პატრიარქთან ერთად შევხვდი ჩვენს მეუფეებს და დავესწარი ძალიან ღია და საინტერესო დისკუსიას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეკლესიასთან მიმართებით ვითარდება.

პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვან თავყრილობას, პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ. ეს არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრის და დისკუსიის შესაძლებლობა. ასეთი ღიაობა, დემოკრატიულობა, ერთმანეთის აზრის მიღება თავისთავად კარგი დასანახია, პოლიტიკოსებიც რომ ასე ღიად ვსაუბრობდეთ, კარგი იქნებოდა. ვისაუბრეთ არსებულ სირთულეებზე.

ამ საუბრის შეჯამება არის ის, რომ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დააფიქსიროს, ამტკიცოს თავისი სიმართლე ან სიმართლის თავისი ვერსია. უნდა მივცეთ საშუალება სამართალდამცველებს, აკეთონ თავისი საქმე პოლიტიკური ჩარევების გარეშე, ამ პროცესის ღიაობით, გამჭვირვალობით, შეჯიბრებითობით, იმიტომ, რომ დღეს შეჯიბრებითობა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია, მამა გიორგის და მის ადვოკატებს უნდა შეეძლოთ, თავისი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, ამ პროცესით გადავლახავთ არსებულ სირთულეებს და მივალთ ჭეშმარიტ პასუხებამდე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გუშინ საპატრიარქოში მხოლოდ პატრიარქის სანახავად იმყოფებოდა, სადაც დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

"გუშინ მქონდა შესაძლებლობა, მენახა ჯანმრთელი და ჩამობრძანებული პატრიარქი, გუშინ შევთანხმდით დღევანდელ შეხვედრაზე. პატრიარქი ჩართულია ყველა რთული საკითხის განხილვაში და სრული ღიაობით სინოდისგან. ყველას აქვს შესაძლებლობა, ძალიან ღიად და ცივილიზებულად დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ეს არის დიალოგი, როდესაც პატრიარქი იღებს ყველა ინფორმაციას ყველა მხრიდან.

დღეს არის ვითარება, როდესაც ერთი მხარე, რომლის თაობაზეც კომენტარს აკეთებენ როგორც პოლიტიკოსები, ისე სამართალდამცველები, არის შეზღუდული თავისი პოზიციის დაფიქსირებაში. ასეთი რამე შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ მაშინ, ეს საკითხი არ უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი, როცა მთელი ქვეყანა საუბრობს ამ საქმეზე და მეორე მხარეს, თუნდაც თავისი წილი დანაშაულის ან უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა არ აქვს, ეს არის შეჯიბრებითობის და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, მე არ შევდივარ გამოძიების დეტალებში, არ ვარ არც პროკურორი, არც გამომძიებელი, არც მოსამართლე, მაგრამ პოლიტიკურად მოგახსენებთ, რომ ეს არის არაჯანმრთელი სიტუაცია, როდესაც ერთი მხარე საუბრობს და მეორეს არ აქვს თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა", - ამბობს პრეზიდენტი.

საქართველოს საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ამ დრომდე მსჯელობენ. შეხვედრის დაწყებამდე, მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამა გიორგი თევდორაშვილმა თქვა, რომ არა მხოლოდ ის, არამედ მთელი საქართველო დაინტერესებულია საქმის დეტალებით.

"ჩვენი ტკივილია მამა გიორგის მდგომარეობა, იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება და გაირკვევა მტყუან-მართალი", - ამბობს მამა გიორგი თევდორაშვილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოითხოვენ თუ არა საპატრიარქოში აუდიტის სამსახურის შესვლას, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ თქვა, რომ ეს ახლა მეათეხარისხოვანია.

"მთავარია, სიმართლემ გაიმარჯვოს. აუდიტი მეათეხარისხოვანია. მთავარია, მამა გიორგის მძიმე, საშინელი ბრალდების წინაშე ეკლესია, ერი და ბერი დადგეს ერთად, სიმართლის მხარეს", - ამბობს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

შეგახსენებთ, რომ წერილში, რომელიც რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა და სავარაუდოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერაა დაწერილი, საქართველოს საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი.

ამასთან, გუშინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღნიშნა, რომ "ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება და კარგად დამთავრდება".

კომენტარები