გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: პატრიარქს ვუთხარი, რომ მამა გიორგის აქვს ინფორმაციის გარკვეული ბაზა

მიხეილ რამიშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უახლოეს დღეებში დუმილის უფლებას დაარღვევს და გამოძიებას სრულყოფილ ჩვენებას მისცემს. რამიშვილის თქმით, ის პატრიარქს შეხვდა და საქმეზე ესაუბრა.

"პირადად მე და პატრიარქს გვქონდა ამაზე საუბარი. მე დარწმუნებული ვარ, პატრიარქმა ბოლომდე ისმინა ჩემი საუბარი" - თქვა ადვოკატმა.

კითხვაზე, რა ინფორმაცია მიაწოდა ილია მეორეს, მიხეილ რამიშვილი ამბობს, "ელემენტარულად, ის, რომ ჩვენ ვთვლით, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო, მამა გიორგის აქვს გარკვეული ბაზა ინფორმაციის, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს წარდგენილი ბრალდების კანონიერებას" - ამბობს ადვოკატი.

კითხვაზე, რა ინფორმაციის ბაზაზე საუბრობს და ეხება თუ არა ეს საპატრიარქოში ფინანსურ დარღვევებს, რამიშვილი პასუხობს, რომ "მაგასთან დაკავშირებით, ცოტა ხანში გეტყვით".

"მამა გიორგის გადაწყვეტილებით, ჩვენი საუბრის შემდეგ, მამა გიორგი სრულყოფილ ჩვენებას იძლევა უახლოეს დღეებში, ანუ დუმილის უფლებას დაარღვევს" - თქვა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ, პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების 13 თებერვლის განცხადებით, "მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". რამდენიმე დღეში კი, პროკურატურამ განაცხადა, რომ პატრიარქის ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა, რაც უწყებამ იმავე დღეს "სხვა ინტერპრეტაციის მიცემით" უარყო და საზოგადოებას მოუწოდა, 13 თებერვლის განცხადებით ეხელმძღვანელა.

დაცვის მხარეს კი, ამ დრომდე არ აქვს ნებართვა, საკუთარი არგუმენტებით ისაუბროს საქმის დეტალებზე. მხარეთა უთანასწორობის გამო პროკურატურა გააკრიტიკა ომბუდსმენმა.

კომენტარები