რუსეთი-საქართველო

დონდუა: ლავროვის განცხადებაში ახალი ვერაფერი ამოვიკითხეთ

ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის ნათქვამში ახალი არაფერი არ არის, საქართველო კი უსაფრთხო ქვეყანაა.

"მე პირადად და ჩვენ ვერაფერი ახალი ვერ ამოვიკითხეთ ლავროვის ამ განცხადებაში. პერიოდულად კრემლის მესვეურები და საგარეო საქმეთა სამინისტროს მესვეურები აკეთებენ მსგავს განცხადებას, რაშიც ახალი არაფერი არ არის. საქართველო რომ უსაფრთხო ქვეყანაა, ამის ნათელი დასტურია ის ნდობა, რომელიც ევროკავშირმა გამოუცხადა საქართველოს უვიზო მიმოსვლის მინიჭებით.

რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, ეს არაერთხელ გაცხადებულა ჩვენი ხელისუფლების მიერ და ეს მშვენივრად იციან მოსკოვში, რომ სანამ რუსეთს ექნება საელჩოები ცხინვალსა და სოხუმში, ვერანაირ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება", - თქვა დუნდუა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობად რუს და ქართველ სამართალდამცველ ორგანოებს შორის "სრულფასოვან თანამშრომლობას" მიიჩნევს. 

ლავროვის თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხელს დიპლომატიური ურთიერთობების არქონის გარდა, უსაფრთხოების საკითხებიც უშლის ხელს. მისი თქმით, ტერორისტების მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მარშრუტის გამოყენების საფრთხე არსებობს.

კომენტარები