ე.წ. ციანიდის საქმე

გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი შოთაძე, ვიცეპრემიერებთან ერთად, პატრიარქს შეხვდნენ

Rustavi 2

საპატრიარქოს რეზიდენციაში ამ დროისთვის პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი, ვიცეპრემიერები კახი კალაძე და ალექსანდრე ჯეჯელავა და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იმყოფებიან. 

მთავრობის წევრებსა და საპატრიარქოს შორის გამართული შეხვედრის მიზეზი ე.წ ციანიდის საქმე და დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხია. მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე შესვლის წინ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. 

საქართველოს საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ამ დრომდე მსჯელობენ. ამასთან დაკავშირებით, რეზიდენციაში დღეს პრეზიდენტი მარგველაშვილიც მივიდა, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ აღნიშნულ საკითხზე.

"ამ საუბრის შეჯამება არის ის, რომ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დააფიქსიროს, ამტკიცოს თავისი სიმართლე ან სიმართლის თავისი ვერსია. უნდა მივცეთ საშუალება სამართალდამცველებს, აკეთონ თავისი საქმე პოლიტიკური ჩარევების გარეშე, ამ პროცესის ღიაობით, გამჭვირვალობით, შეჯიბრებითობით, იმიტომ, რომ დღეს შეჯიბრებითობა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია, მამა გიორგის და მის ადვოკატებს უნდა შეეძლოთ, თავისი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, ამ პროცესით გადავლახავთ არსებულ სირთულეებს და მივალთ ჭეშმარიტ პასუხებამდე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეხვედრის დაწყებამდე, მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამა გიორგი თევდორაშვილმა თქვა, რომ არა მხოლოდ ის, არამედ მთელი საქართველო დაინტერესებულია საქმის დეტალებით.

"ჩვენი ტკივილია მამა გიორგის მდგომარეობა, იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება და გაირკვევა მტყუან-მართალი", - ამბობს მამა გიორგი თევდორაშვილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოითხოვენ თუ არა საპატრიარქოში აუდიტის სამსახურის შესვლას, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ თქვა, რომ ეს ახლა მეათეხარისხოვანია.

"მთავარია, სიმართლემ გაიმარჯვოს. აუდიტი მეათეხარისხოვანია. მთავარია, მამა გიორგის მძიმე, საშინელი ბრალდების წინაშე ეკლესია, ერი და ბერი დადგეს ერთად, სიმართლის მხარეს", - ამბობს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

შეგახსენებთ, რომ წერილში, რომელიც რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა და სავარაუდოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერაა დაწერილი, საქართველოს საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი.

ამასთან, გუშინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღნიშნა, რომ "ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება და კარგად დამთავრდება".






 

კომენტარები