ე.წ. ციანიდის საქმე

პრემიერმინისტრმა და მთავარმა პროკურორმა საპატრიარქო უკომენტაროდ დატოვეს

პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა, მთავარმა პროკურორმა შოთაძემ და ვიცეპრემიერებმა კახი კალაძემ და ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენცია უკვე დატოვეს. არცერთ მათგანს არც შესვლამდე და არც შემდეგ შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

მთავრობის წევრებსა და საპატრიარქოს შორის გამართული შეხვედრის მიზეზი ე.წ ციანიდის საქმე და დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხია.

საქართველოს საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ამ დრომდე მსჯელობენ. ამასთან დაკავშირებით, რეზიდენციაში დღეს პრეზიდენტი მარგველაშვილიც მივიდა, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ აღნიშნულ საკითხზე.

"ამ საუბრის შეჯამება არის ის, რომ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დააფიქსიროს, ამტკიცოს თავისი სიმართლე ან სიმართლის თავისი ვერსია. უნდა მივცეთ საშუალება სამართალდამცველებს, აკეთონ თავისი საქმე პოლიტიკური ჩარევების გარეშე, ამ პროცესის ღიაობით, გამჭვირვალობით, შეჯიბრებითობით, იმიტომ, რომ დღეს შეჯიბრებითობა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია, მამა გიორგის და მის ადვოკატებს უნდა შეეძლოთ, თავისი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, ამ პროცესით გადავლახავთ არსებულ სირთულეებს და მივალთ ჭეშმარიტ პასუხებამდე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეხვედრის დაწყებამდე, მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამა გიორგი თევდორაშვილმა თქვა, რომ არა მხოლოდ ის, არამედ მთელი საქართველო დაინტერესებულია საქმის დეტალებით.

"ჩვენი ტკივილია მამა გიორგის მდგომარეობა, იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება და გაირკვევა მტყუან-მართალი", - ამბობს მამა გიორგი თევდორაშვილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოითხოვენ თუ არა საპატრიარქოში აუდიტის სამსახურის შესვლას, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ თქვა, რომ ეს ახლა მეათეხარისხოვანია.

"მთავარია, სიმართლემ გაიმარჯვოს. აუდიტი მეათეხარისხოვანია. მთავარია, მამა გიორგის მძიმე, საშინელი ბრალდების წინაშე ეკლესია, ერი და ბერი დადგეს ერთად, სიმართლის მხარეს", - ამბობს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

შეგახსენებთ, რომ წერილში, რომელიც რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა და სავარაუდოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერაა დაწერილი, საქართველოს საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი.

ამასთან, გუშინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღნიშნა, რომ "ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება და კარგად დამთავრდება".

პროკურატურამ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". 

18 თებერვალს საქართველოს მთავარ პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა - პატრიარქის. 

აღსანიშნავია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარეს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი და ისინი საქმის შინაარსზე ვერ საუბრობენ. ადვოკატებმა პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართეს, მოუხსნას დაწესებული შეზღუდვები.

კომენტარები