ე.წ. ციანიდის საქმე

პრეზიდენტი: ამ დღეების განმავლობაში პოლიტიკოსები პროკურორების როლს თამაშობდნენ

facebook.com/PresidentMargvelashvili

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და პროკურატურა და მმართველი გუნდი "როლების აღრევაში" დაადანაშაულა.

ამის შესახებ მან დღეს რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, შეუძლებელია, რომ არ შეცდე, როდესაც პროკურორი და პოლიტიკოსები როლებს ცვლიან.

"შეუძლებელია, შეცდომა არ დაგემართოს, როდესაც ხდება, როლების და ფუნქციების აღრევა. რეალურად, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავდით, რომ პოლიტიკოსები პროკურორის როლს თამაშობდნენ, პროკურორები - პოლიტიკოსებისას. თვისობრივად აღრეული იყო ის, ვინ რა კომპეტენციაში უნდა ილაპარაკოს ამ ქვეყანაში. დაიწყო იმით, რომ პროკურორის განცხადებამდე მთელმა რიგმა პოლიტიკოსებმა გააკეთებს განცხადება და ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში არსებობს ძალიან მარტივი წესები. წესები, რომლებიც გამოგონილია იმისთვის, რომ სისტემამ იფუნქციონიროს ნორმალურად და ამ წესის შინაარსი შემდეგნაირია - როდესაც შენ ხარ პოლიტიკოსი, შენ არ ხარ პროკურორი. შეიძლება, ძალიან გინდა, გახდე პროკურორი, მაგრამ არ ხარ და უნდა აკეთებდე პოლიტიკურ განცხადებებს. ხოლო, როდესაც ხარ პროკურორი, შეიძლება, შენ გინდა, იყო პოლიტიკოსი, მაგრამ არ უნდა აკეთებდე ისეთ განცხადებებს, როგორიც არის პროკურატურის შემთხვევაში," - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმითვე, მას არ გააჩნია პოზიცია დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობასა თუ უდანაშაულობაზე, თუმცა, აღნიშნავს ის, ფაქტია, რომ მამალაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა. 

"ჩვენ დავინახეთ, რომ ერთ ადამიანს, რომლის არც ბრალეულობაზე და არც უდანაშაულობაზე, ბუნებრივია, მე არც საუბარს ვაპირებ და არც პოზიცია არ გამაჩნია, მაგრამ ის არის საქართველოს მოქალაქე და მას გააჩნია უფლებები. ამ უფლებების ფარგლებში ნამდვილად შეილახა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია და ამ შელახული უდანაშაულობის პრეზუმფციის დროს, აგრეთვე, შეილახა ჩვენი ინფორმირებულობის საკითხიც იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით მუდმივი პოლიტიკური განსჯის სიბრტყეში," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

დღეს გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრასაც დაესწრო, რომლის მთავარი თემაც ე.წ. ციანიდის საქმე გახლდათ. 

პროკურატურამ გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". 

18 თებერვალს საქართველოს მთავარ პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა - პატრიარქის. 

აღსანიშნავია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარეს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი და ისინი საქმის შინაარსზე ვერ საუბრობენ. ადვოკატებმა პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართეს, მოუხსნას დაწესებული შეზღუდვები.

კომენტარები