გიორგი მამალაძის საქმე

კობახიძე ე.წ. ციანიდის საქმეზე: ოპოზიცია ჩქარობს და ამ სიჩქარეში შეცდომებს უშვებს

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის მიერ მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა - შეცდომაა. მან ე.წ. ციანიდის საქმეზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა მხოლოდ გამოძიების დეტალების გარკვევის შემდეგ უნდა დაიწყოს.

"ოპოზიცია ჩქარობს და ამ სიჩქარეში შეცდომებს უშვებს. მათ შორის შეცდომაა ის, რომ მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა დააყენეს. ისინი გამოძიების დეტალებში გარკვეულნი რომ იყვნენ, დარწმუნებული ვარ, ასეთ მოთხოვნას არ დააყენებდნენ. დეტალებში გარკვეული არც მე ვარ და ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მას შემდეგ, რაც გამოძიების დეტალები გაირკვევა, შეგვიძლია, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, მათ შორის იმაზე - ვინ აკეთებს პასუხისმგებლიან განცხადებებს, ვინ უპასუხისმგებლო განცხადებებს, ვინ ჩქარობს და ვინ არ ჩქარობს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას მოუწოდა, პროკურატურასთან დაკავშირებით ნაჩქარევი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„ნაჩქარევი განცხადებების გაკეთება სწორი არ არის, რადგან ნაჩქარევი განცხადებების გაკეთების დროს, კონკრეტული სუბიექტები სერიოზულ შეცდომებს უშვებენ. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ ნაჩქარევი და არასწორი განცხადებები არ გააკეთონ პროკურატურასთან და ზოგადად, საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ და საქმის მასალების გასაჯაროების მოთხოვნის შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენთვის მთავარია, სიმართლე გაირკვეს და ეს რა ფორმით გაკეთდება, ვიდეომასალებით, აუდიომასალებით თუ სხვა რამე გასაჯაროვდება, ეს დეტალებია. ჩვენთვის მთავარია სიმართლე გაირკვეს. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც გამოძიება ბოლომდე მივა, ამ საქმესთან დაკავშირებით სრული სიმართლე გვეცოდინება. აქედან გამომდინარე, ნაჩქარევი განცხადებები, შეფასებები არასწორია", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების 13 თებერვლის განცხადებით, "მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". რამდენიმე დღეში პროკურატურამ განაცხადა, რომ პატრიარქის ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა, რაც უწყებამ იმავე დღეს "სხვა ინტერპრეტაციის მიცემით" უარყო და საზოგადოებას მოუწოდა, 13 თებერვლის განცხადებით ეხელმძღვანელა. 

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველო "უპასუხისმგებლო განცხადებების" გამო, მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს და პარლამენტში ხელმოწერებს აგროვებს. მათ უერთდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თუმცა, იქვე აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა არასაკმარისია, რადგან "პროცესებს რეალურად ბიძინა ივანიშვილი მართავს", ხოლო "შოთაძე ნომინალური ფიგურაა".

კომენტარები