გიორგი მამალაძის საქმე

კახიძე: შოთაძე უნდა გადადგეს, ე.წ. ციანიდის საქმე კი, საგანგებო პროკურორმა გამოიძიოს

მეორე არხი

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას და მის ნაცვლად, საგანგებო პროკურორის დანიშვნას ითხოვს. დეპუტატმა ოთო კახიძემ პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ სწორედ საგანგებო პროკურორმა უნდა გამოიძიოს ე.წ. ციანიდის საქმე.

"გრძელდება ეკლესიის სახელით სპეკულირება, ეკლესიის კალთას ამოფარება იმის ნაცვლად, რომ ვისაუბროთ პასუხისმგებლობაზე. პასუხისმგებლობაზე, რომელიც აქვს მთავარ პროკურორს, პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში კანონის უზენაესობა, დაცული იყოს ადამიანის უფლებები, და პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე. ამ საკითხს, მთავარი პროკურორის გადადგომის შესახებ, მე კი არ უნდა ვსვამდე პირველი, თქვენ უნდა სვამდეთ, და კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს, ეს კითხვები თქვენ უნდა გააჟღეროთ, როგორც იმ საზოგადოების წარმომადგენელმა საქართველოს პარლამენტში, რომელსაც აწუხებს თემა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილება", - თქვა კახიძემ პარლამენტის სხდომაზე.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების 13 თებერვლის განცხადებით, "მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". რამდენიმე დღეში პროკურატურამ განაცხადა, რომ პატრიარქის ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა, რაც უწყებამ იმავე დღეს "სხვა ინტერპრეტაციის მიცემით" უარყო და საზოგადოებას მოუწოდა, 13 თებერვლის განცხადებით ეხელმძღვანელა. 

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველო "უპასუხისმგებლო განცხადებების" გამო, მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს და პარლამენტში ხელმოწერებს აგროვებს. მათ უერთდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თუმცა, იქვე აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა არასაკმარისია, რადგან "პროცესებს რეალურად ბიძინა ივანიშვილი მართავს", ხოლო "შოთაძე ნომინალური ფიგურაა".

კომენტარები