Amnesty International-ის ანგარიში

AI საქართველოზე: გაზრდილია შეშფოთებები გახმაურებულ საქმეებში ხელისუფლების ჩარევაზე

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. საქართველოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ხაზგასმულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარვეზები და ხელისუფლების ჩარევა გახმაურებულ საქმეებში.

"ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან გაიზარდა შეშფოთებები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობასა და შერჩევით სამართალთან დაკავშირებით.

12 იანვარს ევროკომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში წერდა, რომ აკავებდნენ ან თავისუფლების აღკვეთას უსჯიდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მაშინ, როდესაც ჯარიმებით ათავისუფლებდნენ პროსახელისუფლებო აქტივისტებს.

10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პროოპოზიციური ტელეკომპანია რუსთავი 2 გადაეცა ყოფილ მფლობელს. ის ჩიოდა, რომ მან ტელეკომპანია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო გაყიდა. დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხანდაზმულობის ვადა გავიდა, და ფართოდ გავრცელებული აზრია, რომ მოქმედი ხელისუფლება დავას მხარს უჭერს.

14 ივნისს ევროსასამართლომ საქმეზე "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" დაადგინა, რომ აპლიკანტის წინასწარ პატიმრობას აკლდა არგუმენტაცია.

21 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ზოგიერთი მოსამართლე ხელისუფლებისგან ზეწოლას განიცდიდა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით. გამოძიება ბრალდებებზე პროკურატურამ 1 აგვისტოს დაიწყო", - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია კორცხელის ინციდენტზე, რომელიც "მოწმეების ინფორმაციით, წინასწარ ორგანიზებულს ჰგავდა".

ორგანიზაცია ასევე საუბრობს პოლიციის მხრიდან წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე და იხსენებს დემურ სტურუას საქმეს.

ორგანიზაციის მიერ დოკუმენტირებულ ფაქტებს შორის ასევე საუბარია ფარული ჩანაწერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ინტიმური კადრების გამოქვეყნებაზე არჩევნების წინ.

უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით დოკუმენტში ნახსენებია პრეზიდენტის უარი ქორწინების დეფინიციაზე რეფერენდუმთან დაკავშირებით და ტრანსგენდერ პირებზე თავდასხმის ფაქტები.

ორგანიზაცია საუბრობს საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებზეც.

"დე ფაქტო რეჟიმებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კვლავ გრძელდება ადამიანების დაკავება. რამდენიმე დაკავებული ჩიოდა წამებასა და სხვა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ცემის ჩათვლით. 19 მაისს რუსმა სამხედრომ მამაკაცი მოკლა, რომელიც აფხაზეთში შესვლას ცდილობდა. წლის ბოლოსთვის დე ფაქტო რეჟიმი ამ საკითხს იძიებდა.

ადმინისტრაციულ საზღვარზე კვლავ გრძელდებოდა ღობეების დამონტაჟება, რაც ნეგატიურად აისახა ადგილობრივების მუშაობის, კვების უფლებებსა და ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე", - წერია ანგარიშში.

კომენტარები