საქართველოს საპატრიარქო

ადვოკატი: დეკანოზი ჩვენებას ილია II-სთან ან სინოდის წევრებთან შეხვედრის მერე მისცემს

მიხეილ რამიშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებას მას შემდეგ მისცემს ჩვენებას, რაც ის პატრიარქს ან წმინდა სინოდის წევრებს დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებს.

"ჩვენ ახლა ვესაუბრეთ მამა გიორგის და ის ძალიან დიდი თხოვნით მიმართავს პატრიარქს, თუ ექნება მას საშუალება და შესაძლებლობა, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, სანამ წინასწარ გამოძიებას მისცემს ჩვენებას, ყველაფერი უთხრას პირადად პატრიარქს. თუ პატრიარქი ვერ შეძლებს, ის მზად არის და ელოდება წმინდა სინოდიდან მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, რომ მოვიდნენ და საქმის კურსში ჩააყენოს, დეტალურად მოუყვეს და უთხრას, თუ რასთან არის რეალურად საქმე", - ამბობს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, წმინდა სინონდიდან ვინ მივა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, მაგრამ "უპრიანი იქნება, მეუფე პეტრეც თუ მობრძანდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქოდან იქნება ადეკვატური პასუხი და ქმედება განხორციელებული, რადგან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრალდებულია და არა დამნაშავე, ის არის ეკლესიაში მოღვაწე მოძღვარი... ".

ჟურნალისტის კითხვაზე, "ენდობით თუ არა პროკურატურას", რამიშვილი პასუხობს, რომ თუ გამოძიება კანონის ფარგლებში იმოქმედებს, მის მიმართ ნდობა ექნება.

"გამოძიების ნდობა არის ერთი რამ - თუ მტკიცდება დანაშაული, შესაბამისად უნდა იმოქმედოს პროკურატურამ. თუ არ მტკიცდება დანაშაული, მას, ნებისმიერ დროს, კანონი ავალდებულებს, საქმე შეწყვიტოს. ასე რომ, თუ იქნება რეალური და ობიექტური მიდგომა საქმის მიმართ, ყველა ჩვენგანს გვექნება ნდობა. თუ დავინახავთ, რომ პროკურატურის მოქმედება კანონის ფარგლებს არ სცილდება", - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

ადვოკატისვე თქმით, ნივთმტკიცებად ამოღებული იარაღი დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ ეკუთვნოდა.

კომენტარები