ფარული მოსმენები

აბაშიშვილი მოსმენებზე: საპარლამენტო უმრავლესობამ თვითიზოლაციის გზა აირჩია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ თვითიზოლაციის გზა აირჩია და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეთავაზებულ კონსულტაციებზე უარი უთხრა.

"პარლამენტი დღეს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს განიხილავს. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით არის არაერთი კითხვა, რომელიც გვაქვს ჩვენ, საზოგადოებას და ბიზნესსექტორს. ჩვენი მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობისათვის შეთავაზებულ კონსულტაციებზე მივიღეთ უარი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობამ აირჩია თვითიზოლაციის გზა, რაც არ არის კარგი არც ქვეყნისათვის და არც თავად ამ პოლიტიკური ძალისათვის.

ამის მტკიცების საფუძველს გვაძლევს გამოცდილება პრეზიდენტის მიერ წარდგენილ და დაძლეულ ვეტოებთან დაკავშირებით, როდესაც უმრავლესობის მიერ წარმატებით დაძლეული ვეტო ან საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, ან თავად ხელისუფლებამ შეცვალა პოზიცია.

კერძოდ, მოსმენების კანონი არაკონსტიტუციურად ცნეს; საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონი შეჩერებულია და პოზიცია გაზიარებულია მთავრობის მიერ წელიწად-ნახევრის შემდგომ; საერთო სასამართლოების შესახებ კანონი, ასევე, ცნობილია არაკონსტიტუციურად", - ამბობს აბაშიშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოსაზრებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ჭეშმარიტებაზე მონოპოლიას არ ნიშნავს.

"მინდა, ყველას შევახსენო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ნიშნავს მონოპოლიას ჭეშმარიტებაზე. ახალი პარლამენტის არჩევისას ვამბობდით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იყო შესაძლებლობაც და საფრთხეც, შესაძლებლობა რეფორმებისათვის და საფრთხე ჩაკეტილობისა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების.

მოვუწოდებთ უმრავლესობას, გაითვალისწინონ ის სირთულეები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს და მხოლოდ ძალიან ღია და გამჭვირვალე დისკუსიის შედეგად მიიღონ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება", - თქვა აბაშიშვილმა.

ამ წუთებში პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილავენ უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებულ კანონპროექტს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით.

კომენტარები