საფონდო ბირჟა

ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული IPO ახლოვდება

0 კომენტარი
საუდი არამკოს ქარხანა ფოტო: cnbc.com

მსოფლიოს ყველაზე დიდი ნავთობკომპანია SAUDI ARAMCO საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი შეთავაზების გაკეთებას (IPO) გეგმავს. აქციათა პირველადი შეთავაზებისთვის კომპანიაში მრავალი ცვლილებაა გასატარებელი, რისთვისაც საუდის არაბეთს სამ საბანკო გიგანტთან - JPMorgan Chase-სთან, Morgan Stanley-სა და ბრიტანულ HSBC-სთან აქვს მოლაპარაკებები, ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს. ბირჟაზე გასვლამდე კომპანიაში გამჭვირვალობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.

კომპანიის 100%-იანი წილი საუდის არაბეთის სამეფოს ეკუთვნის, მის საკუთრებაში არსებული საბადოების დამტკიცებული მარაგები 260 მილიარდ ბარელს აჭარბებს. კომპანია ამ 260 მილიარდიდან ყოველდღიურად დაახლოებით 10 მილიონ ბარელს მოიპოვებს, რაც ყველა ამერიკული ნავთობგიგანტის ერთობლივ მოპოვებას აჭარბებს.

საფონდო ბირჟაზე გასვლის შემდეგ კომპანიის ღირებულება სავარაუდოდ $3 ტრილიონს გადააჭარბებს, რის გამოც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის ოფიციალურ ტიტულს მოიპოვებს. ანალიტიკოსების შეფასებით, საფონდო ბირჟაზე გასვლა Aramco-ს ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული შემოსავლების კლების დაბალანსებაში დაეხმარება. თუმცა კომპანიას ბირჟაზე გასასვლელად სწორი დროის შერჩევა ესაჭიროება, ეს კი აღნიშნულ შემთხვევაში ნავთობის ფასების მზარდი დინამიკა შეიძლება იყოს.

Bloomberg-ის ცნობით, კომპანიის ღირებულება $2.5-დან 10 ტრილიონამდე იქნება. ანალიტიკოსების ინფორმაციით, კომპანია საფონდო ბირჟაზე აქციების მხოლოდ მცირე ნაწილს გაიტანს. არსებობს ვარაუდი, რომ Aramco-მ საფონდო ბირჟაზე აქციების მაქსიმუმ 5% შეიძლება გაიტანოს. ამის მიზეზი საუდის არაბეთისთვის კომპანიის სტრატეგიული მნიშვნელობაა. 

საუდის არაბეთი ეკონომიკის დივერსიფიცირებას გეგმავს, ამაში მას არამკოს ბირჟაზე გასვლა დაეხმარება, რადგანაც ამ გზით მოზიდული ფინანსებით ქვეყნის ეკონომიკის სხვა სექტორები დაფინანსდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები