შაჰ-დენიზი

2020-დან საქართველო შაჰ-დენიზის ტრანზიტისთვის 1 მლრდ მეტრ კუბ გაზს მიიღებს

0 კომენტარი
შაჰ - დენიზის მილსადენი ფოტო: bp.com

ბაქოში "სამხრეთ გაზის დერეფნის" საკოორდინაციო საბჭოს მინისტერიალი იმართება, რომელშიც მილსადენის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები, მათ შორის კახა კალაძეც მონაწილეობს. გეგმის მიხედვით, ამ მილსადენის მეშვეობით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება 2019 წლიდან უნდა დაიწყოს, საქართველომ კი 2020 წლიდან ტრანზიტის საფასურად 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიიღოს. ეს საქართველოს ბუნებრივი აირის დღევანდელი მოხმარების 40%-ზე მეტია.

"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია "სამხრეთ გაზის დერეფნის" დროული და თანმიმდევრული განვითარება იმ ენერგეტიკული კრიზისების თავიდან ასაცილებლად, რომლის საფრთხეებიც დღეს ყველასათვის ნათელია. მიხარია, რომ ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად", - ამბობს კახა კალაძე.

"შაჰ-დენიზის" მეორე ფაზის ფარგლებში, "სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტის განხორციელება გულისხმობს ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. პროექტის მთლიანი ღირებულება $45 მილიარდია, მილსადენის სიგრძე კი - 3.4 ათასი კილომეტრი.

"სამხრეთკავკასიური მილსადენი" წარმოადგენს აღნიშნული ტრანსპორტირების მარშრუტის ნაწილს აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით - თურქეთამდე. სამხრეთკავკასიური მილსადენის სიგრძე 690 კმ-ია.

საქართველოში „სამხრეთკავკასიური მილსადენის“ გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაზეც 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. საიდანაც 400 მლნ აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში ხდება. მილსადენზე ტექნიკური სამუშაოები 2018 წლისთვის უნდა დასრულდეს. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ მილის გამტარუნარიანობა არსებული 6 მილიარდიდან - 16 მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდება. ბუნებრივი აირის გაზრდილი მოცულობების ტრანზიტი 2019 წლიდან დაიწყება, ხოლო 2020 წლიდან საქართველო ტრანზიტის საფასურად ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

მილსადენის მშენებლობაზე ამ ეტაპზე სამუშაოებზე დასაქმებულია საქართველოს 3.2 ათასი მოქალაქე, პროექტის ინვესტორი სოკარი კი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია.

"სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტი იყოფა სამ ნაწილად: სამხრეთკავკასიური (SCP), ტრანსანატოლიური (TANAP) და ტრანსადტრიატიკული მილსადენები (TAP).

  1. "სამხრეთკავკასიური მილსადენი" (SCP- 690 კმ) აზერბაიჯანს, საქართველოს გავლით აკავშირებს თურქეთთან.
  2. "ტრანსანატოლიური მილსადენი" (TANAP – 1900 კმ) თურქეთს აკავშირებს საბერძნეთთან.
  3. "ტრანსადტრიატიკული მილსადენი (TAP – 870 კმ) საბერძნეთიდან, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით მიდის სამხრეთ იტალიამდე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები