გიორგი მამალაძის საქმე

მეუფე პეტრე დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის სანახავად არ შეუშვეს

exclusivenews.ge

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის სანახავად არ შეუშვეს. მისი თქმით, "ძალიან დიდ შედომებს უშვებს ისევ ხელისუფლება". მეუფე პეტრე აღნიშნავს, რომ მამა გიორგის საკანში ტელევიზორი არ აქვს.

"არ მიშვებენ სანახავად. ერთს დავამატებ - პირველად როცა ვნახე მამა გიორგი, მას არ ჰქონდა საშუალება, საინფორმაციოსთვის მოესმინა, ანუ არ აქვს ტელევიზორი, ვფიქრობ, ტექნიკური მიზიზებით აფერხებენ ამ საკითხის მოგვარებას", - ამბობს მიტროპოლიტი.

მეუფე პეტრეს თქმითვე, ილია მეორის ჩამოსვლის შემდეგ, საპატრიარქოში სიტუაციას მართავს ისევ "ყველაზე დიდი დამნაშავე, შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ სკანდალისა, ქალბატონის სახით, რომელიც სასწრაფოდ უნდა ჩამოცილდეს ამ მმართველობას, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი და შეეწყოს ხელი ობიექტურად წარმართვას. მე ვადასტურებ, რომ სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი".

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გუშინ დააბრუნეს. ის კლინიკაში 17 თებერვლის შემდეგ იმყოფებოდა. გიორგი მამალაძე, ჯერჯერობით, დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებისთვის სრულყოფილი ჩვენება არ მიუცია. ადვოკატის ინფორმაციით, მამა გიორგი დუმილის უფლებას პატრიარქთან ან სინოდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ დაარღვევს.

გუშინ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საპატრიარქოში მიყვანის საკითხი არ განიხილება. მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პატრიარქი ილია მეორე თავად ვერ მოინახულებს დაკავებულ დეკანოზს. ამასთან, პატრიარქის მდივანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს თხოვნა იყო - "რაც შეიძლება, თავი შეიკავონ საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან მღვდელმთავრებმა".

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების 13 თებერვლის განცხადებით, "მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". რამდენიმე დღეში პროკურატურამ განაცხადა, რომ პატრიარქის ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა, რაც უწყებამ იმავე დღეს "სხვა ინტერპრეტაციის მიცემით" უარყო და საზოგადოებას მოუწოდა, 13 თებერვლის განცხადებით ეხელმძღვანელა.

კომენტარები