გიორგი მამალაძის საქმე

ბოტკოველი: ვთხოვეთ ადვოკატებს, გადასცენ მამა გიორგის, რომ მისცეს ჩვენება

ტელეკომპანია პირველი,

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საპატრიარქო დატოვეს. ისინი წმიდა სინოდის წევრებს შეხვდნენ. პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის თქმით, სავარაუდოდ, მამა გიორგი დღეს მისცემს ჩვენებას. 

"შევთანხმდით, რომ ჩვენ პირუთვნელად გვინდა სიმართლის გაგება, ვთხოვეთ ადვოკატებს, რომ გადასცენ მამა გიორგის - მისცეს ჩვენება და დაასახელოს ის შედეგი, რაც შეიძლება, დადგეს ასეთი ინფორმაციის გაცემის შემდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ სიმართლე და მხოლოდ სიმართლე ამ საკითხებზე, ასე რომ, სავარაუდოდ, როგორც ადვოკატები ბრძანებენ, მამა გიორგი დღეს მისცემს ჩვენებას ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, გულისყურით ველოდებით და მთელი ათი დღე ვართ ამ მოლოდინის რეჟიმში, რომ ბოლოს და ბოლოს, გავიგოთ სიმართლე, რისი თქმა უნდა მამა გიორგის", - თქვა ბოტკოველმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებისთვის სრულყოფილი ჩვენება არ მიუცია. ადვოკატი გუშინ ამბობდა, რომ მამა გიორგი დუმილის უფლებას პატრიარქთან ან სინოდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ დაარღვევდა. თუმცა, პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის თქმით, დაკავებული დეკანოზის საპატრიარქოში მიყვანის საკითხი არ განიხილება, ხოლო ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავად ვერ მოინახულებს მამა გიორგის. ამასთან, პატრიარქის მდივანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს თხოვნა იყო - "რაც შეიძლება, თავი შეიკავონ საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან მღვდელმთავრებმა".

კომენტარები