საქართველოს საპატრიარქო

მეუფე დიმიტრი: ეს პროცესები არის ეკლესიის წინააღმდეგ და არა ჩემ მიმართ

მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) და დეკანოზი გიორგი (მამალაძე)
Facebook/Ana Akhaladze

"მე არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემ წინააღმდეგ არის, ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ და მეც ერთ-ერთი ნაწილი ვარ ამ ეკლესიის", - ამის შესახებ ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, გიორგი მამალაძესთან შეხვედრას არ აპირებს.

"მიმდინარეობს გამოძიება და ველოდები ამ გამოძიების დასრულებას. მე არ მოვუთხოვივარ [გიორგი მამალაძეს] კონკრეტულად, მან მოითხოვა პატრიარქთან შეხვედრა და რამდენადაც ვიცი, უსაფრთხოების მიზნით ამაზეც უარი ეთქვა", - თქვა მეუფე დიმიტრიმ.

კითხვაზე, რას ფიქრობს მღვდელმთავართა ნაწილის ბრალდებაზე, რომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი მართავს პროცესებს, მიტროპოლიტი პასუხობს, რომ "მე არანაირი კლანური მმართველობა არ ვიცი, ის არის პატრიარქის მდივანი, საქართველოში მართლმადიდებელ ეკლესიას მართავს პატრიარქი და სინოდი".

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებისთვის სრულყოფილი ჩვენება არ მიუცია. ადვოკატი გუშინ ამბობდა, რომ მამა გიორგი დუმილის უფლებას პატრიარქთან ან სინოდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ დაარღვევდა. თუმცა, პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის თქმით, დაკავებული დეკანოზის საპატრიარქოში მიყვანის საკითხი არ განიხილება, ხოლო ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავად ვერ მოინახულებს მამა გიორგის. ამასთან, პატრიარქის მდივანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს თხოვნა იყო - "რაც შეიძლება, თავი შეიკავონ საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან მღვდელმთავრებმა".

კომენტარები