საქართველოს საპატრიარქო

ბოტკოველი: პროტესტის ნიშნად ვტოვებ საპატრიარქოს, აღარ ვარ პატრიარქის მდივანი

ვექტორი,

მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობა დატოვა. მან ამის მიზეზად ილია მეორის დაცვის უფროსის სოსო ოხანაშვილის განცხადება დაასახელა.

"მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ საქართველოს საპატრიარქოს და ამიერიდან, აღარ ვარ პატრიარქის მდივანი. პატრიარქის დაცვის უფროსი რომ პატრიარქის მდივანზე ამბობს რომ "ის არის ცრუ და მატყუარა ადამიანი", ეს არის სწორედ ის პრობლენა, რაზეც საპატრიარქოში ვსაუბრობთ. პატრიარქის დაცვის უფროსი სუბორდინაციულად არის პატრიარქის მდივნის დაქვემდებარებაშიც" - ამბობს ბოტკოველი მოამბესთან საუბარში.

მამა მიქაელის განმარტებით, მან სოსო ოხანაშვილზე მხოლოდ ის თქვა, რომ საპატრიარქოში არ უნახავს.

"მე ვთქვი მხოლოდ ის, რომ არ იმყოფებოდა, მე არ მინახავს ამ დღეებში, შეიძლება იყო, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებზე ის არ გამოჩენილა" - ამბობს ბოტკოველი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ოხანაშვილი ილია მეორის ბერლინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა. კითხვაზე, "კვლავ მუშაობს თუ არა სოსო ოხანაშვილი პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის თანამდებობაზე", ბოტკოველმა პასუხის გაცემა არ ისურვა. 

ამის შემდეგ, პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ნოტკოველმა იცრუა. მისი თქმით, გერმანიაში ჩამოსვლის დღიდან, ის იმყოფება საპატრიარქოში და ასრულებს საკუთარ მოვალეობას.

აღსანიშნავია, რომ სოსო ოხანაშვილი ბერლინიდან თბილისში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დასაკითხად ჩამოიყვანეს, ხოლო მის ნაცვლად, გერმანიაში პატრიარქის და მისი გარემოცვის უსაფრთხოებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავდა. სოსო ოხანაშვილი არის პატრიარქის ძმისშვილის დიმიტრი შიოლაშვილის სიძე (ქალიშვილის ქმარი).

აქვე შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ბოლოს, ქადაგებისას, მეუფე იაკობმა საპატრიარქოს დაცვის სამსახურის წევრებსა და მის ხელმძღვანელს სოსო ოხანაშვილს ეკლესიასთან ბრძოლასა და ეპისკოპოსების წინააღმდეგ სტატიების შეკვეთაში დასდო ბრალი. ქორეპისკოპოსი იაკობი დაცვის სამსახურის დახურვითაც დაიმუქრა.

კომენტარები