გიორგი მამალაძის საქმე

მეუფე დიმიტრი: მინდა, ტაბულას დავუდასტურო - გამოვრიცხავ ჩემს პატრიარქობას

Mitropoliti Dimitri Shiolashvili/Fb.com

ტაბულამ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილთან, პატრიარქის ძმისშვილთან, სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

გაქვთ შეკითხვები პროკურატურის განცხადებებთან?

მე გავავრცელე ჩემი განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით და ველოდები გამოძიებას, ალბათ, გექნებოდათ შესაძლებლობა გაცნობოდით, სადაც მე ვამბობ, რომ ველოდები გამოძიების დასრულებას.

ენდობით პროკურატურის ვერსიას და განცხადებებს?

მე ველოდები გამოძიების დასრულებას და მერე უკვე განცხადებებს შემდეგ გავაკეთებ.

რაც შეეხება დეკანოზ მამალაძეს, როგორც მისი ხელდამსხმელი, როგორ შეფასებას აძლევთ?

დეკანოზი მამალაძე იყო მღვდელმსახური ჩვენს ეპარქიაში [ბათუმისა და ლაზეთის] და მე არ ვიცნობდი მას იმ კუთხით და იმ სახით, რა ბრალდებასაც დღეს უყენებს სამართალდამცავი ორგანოები.

გამორიცხავთ მის ბრალეულობას?

მე ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერაფერს დავამტკიცებ, მე გითხარით, რომ გამოძიების დასრულებას ველოდები.

რაც შეეხება თქვენს „საპატრიარქო კანდიდატობას“, გამორიცხავთ, რომ თქვენ გახდეთ პატრიარქი?

მე გამოვრიცხავ ამას. განსაკუთრებით მინდა, რომ ტაბულას დავუდასტურო, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად თქვენ ღელავთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ვთქვა, რომ ამ საკითხებზე, ფიქრიც კი, როცა ცოცხალია პატრიარქი და ჯანმრთელად არის, ზნეობას მოკლებულია.

ანუ, თუ სინოდმა წარგადგინათ, ამ შემთხვევაშიც არ დათანხმდებით?

თუ სინოდმა წარმადგინა, მე მოვხსნი ჩემს კანდიდატურას მყისიერად.

სოსო ოხანაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით რას იტყვით?

მე მეგონა რომ გადადგა, მაგრამ ბოლოს გავიგე რომ არ გადამდგარა.

ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა საპატრიარქოში, თქვენ თუ ხედავთ ხელისუფლების ჩარევას საპატრიარქოს საქმეებში?

მე არანაირი საფუძველი არ გამაჩნია, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების რაღაც ინტერესია.

ანუ, ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი?

რომ ყველაფერი მისგან შეიძლება მოდიოდეს? მე ამის საფუძველი არ მაქვს, რომ ასე ვიფიქრო.

კომენტარები