რუსთავი 2-ის საქმე

საკრებულო ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემის განკარგულების გაუქმებას განიხილავს

timer.ge

დღეს, თბილისის საკრებულოში მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის, ზვიად ნაზღაიძისთვის, ქონების გადაცემის განკარგულების გაუქმებაზე იმსჯელებენ. ოპოზიცია 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულების გაუქმებასთან ერთად, კომპენსაციის გაცემის წესში ცვლილებასაც ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ამ ცვლილებას საკრებულო დაამტკიცებს, კომპენსაციით ისარგებლებს კიდევ 13 დაზარალებული ოჯახი.

"ჩვენ, 5-მა ფრაქციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა შევიმუშავეთ განკარგულების პროექტი, რომლითაც გვინდა, რომ გავაუქმოთ 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულება, რომელიც ეხებოდა ნაზღაიძისთვის გამონაკლისის წესით ზარალის ანაზღაურებას, როგორც ფინანსური სახით, ასევე ნატურით. გვაქვს რამდენიმე გარემოება, რის საფუძველზეც გვინდა, დავარწმუნოთ უმრავლესობის წევრები, რომლებიც შეცდომაში შეიყვანა მერიამ, რომ აუცილებელია ამ განკარგულების გაუქმება, ბათილად ცნობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ რაიმე ტიპის ზარალის ანაზღაურებაზე ნაზღაიძისთვის", - ამბობს რესპუბლიკელების წევრი ხათუნა სამნიძე.

საკრებულოს ოპოზიციის წევრები თბილისის მერის, დავით ნარმანიას დაბარებასაც ითხოვდნენ, თუმცა ნარმანიამ თქვა, რომ "პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას არ აპირებს".

"იქიდან გამომდინარე, რომ დღეს იგეგმება პოლიტიკური შოუ, მე ამ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. ეს არის თითიდან გამოწოვილი საკითხი, რომლის პედალირებასაც სპეციალურად აკეთებენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. ვინაიდან ეს იქნება პოლიტიკური შოუ და მას რეალობასთან რაიმე სახის შეხება არ აქვს, ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ტერიტორიის გადაცემა კანონმდებლობის და პროცედურების სრული დაცვით გავაკეთეთ, არ ვაპირებ დღეს დედაქალაქის საკრებულოში მისვლას. ვფიქრობ, რომ განკარგულება არ უნდა გაუქმდეს. ეს არის კანონიერი განკარგულება, რომლის გაუქმების რაიმე სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმები და საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება წესში ცვლილებას, ჩვენ ოჯახებთან ვმუშაობთ, გარკვეული შეთავაზებები გაკეთებული გვაქვს, ასე რომ, წესში რაიმე სახის ცვლილების შეტანა არაა საჭირო", - თქვა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნატალია ნაზღაიძის ოჯახის წევრს თბილისის მერიამ 1 მილიონი გადასცა. თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულებით, მოსამართლის ოჯახს მერიამ სანდრო ეულის ქუჩაზე 515 000 ლარად შეფასებული 5000 კვ.მ მიწა გადაუფორმა, 129 000 ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, 43 000 დოლარი საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, 220 000 ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე ის ადამიანი იყო, რომელმაც აღნიშნული საქმე გამოიძია და შემდეგ მედიას მიაწოდა. აბესაძის თქმით, ვერეს ხეობაში მდინარის პირას ნატალია ნაზღაიძის ძმა 2013 წლიდან მიწის ნაკვეთს ფლობდა. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ეს მიწის ნაკვეთი სტიქიის ზონაში მოექცა და, შესაბამისად, იქ ნებისმიერი სახის მშენებლობა აიკრძალა, თუმცა, მერიამ მაინც გადაწყვიტა, ნაკვეთი, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ გააჩნია, სასწრაფო წესით, ორგანული კანონის გადაუდებელი აუცილებლობის მუხლით გამოესყიდა. აბესაძე მერიას და საკრებულოს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებს.

კომენტარები