ომბუდსმენი: 32 საათზე მეტია, მოქალაქე დაკავებულია გადაჭრილი ბოთლების აღმოჩენის გამო

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

ომბუდსმენი მოქალაქე ა.კ-ს უკანონო დაკავების ფაქტს გმობს, რომელიც 23 თებერვლის 05:42 საათიდან პატიმრობაშია. ის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სახალხო დამცველის რწმუნებულმა ჩხრეკა-ამოღებისა და დაკავების პროცესის მონიტორინგის შედეგად დაასკვნა, რომ "ადამიანის თავისუფლების უფლებაში უპრეცედენტო ინტენსივობის უხეში ჩარევა სრულიად უსაფუძვლოდ განხორციელდა".

"მოქალაქე ა.კ.-ს დაკავების საფუძველი გახდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავი პირების მიერ ამოღებული კოკა-კოლას ერთი გადაჭრილი ხუფიანი ბოთლი, მასზე არსებული ნამწვით; "ლიკანის" გადაჭრილი ხუფიანი ბოთლი, "კალკის ნაჭრით" და 6 ცალი შპრიცი ხუფითა და ნემსებით. ამ ნივთების საფუძველზე დააკავეს ა.კ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რისთვისაც კანონი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საყურადღებოა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში ჩხრეკის საფუძველი იყო, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. თუმცა, ზემოხსენებული ნივთების გარდა, თავად ჩხრეკის ოქმის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი ან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ვერ აღმოჩნდა.

დაკავების ოქმის მიხედვით, ა.კ.-ს დაკავების საფუძვლად მითითებულია: 1. პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე; 2. პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი; 3. პირი შესაძლოა, მიიმალოს", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოქალაქის დაკავების საფუძველი არ არსებობდა.

"არცერთი საფუძველი არ არსებობდა ა.კ.-ს დაკავებისას, რამდენადაც თავად ჩხრეკის ოქმების თანახმად, 1. როდესაც აკავებდნენ, არ ჩადიოდა დანაშაულს; 2. სახეზე არ იყო დანაშაულის აშკარა კვალი. აღმოჩენილი ბოთლები და შპრიცები არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის აშკარა კვალს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც, ა) შპრიცები და ბოთლები იყო ცარიელი, ბ) არანაირი სხვა წინარე ინფორმაცია არ ამყარებდა ვარაუდს, რომ მას შესაძლოა, ჰქონოდა ნარკოტიკი, გ) მისი ჩხრეკა მიმდინარეობდა ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენის მიზნით, რაც ასევე არ იყო დასაბუთებული ვარაუდით გამყარებული – ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მხოლოდ პოლიციელის გამოკითხვის ოქმი გახდა ჩხრეკის საფუძველი; 3. არ არსებობდა მიმალვის საფუძველი, რამდენადაც თავად დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების თანახმად, ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, იგი წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას, რასაც ასევე თავად შეესწრო სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

აქვე აღსანიშნავია, რომ ა.კ.-ს დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა ბოთლებზე და შპრიცებზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების კვალის აღმოჩენის შემთხვევაში", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი იხსენებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის და 2017 წლის გადაწყვეტილებებით პირისთვის თავისუფლების აღკვეთა მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. "შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოხსენებული ბოთლები წარსულში გამოყენებული იყო აღნიშნული მიზნით, ა.კ.-ს დაკავება ერთმნიშვნელოვნად არღვევს კონსტიტუციას – წარმოადგენს პირის თავისუფლების ხელშეუხებლობის უხეშ დარღვევას, შესაბამისად, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", - აცხადებს ომბუდსმენი.

კომენტარები