ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ პოლიტსაბჭოს წევრებს ირჩევს, სამეგრელოში დაპირისპირებაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონული კვოტებით პოლიტიკური საბჭოს წევრებს ირჩევს. სამეგრელოში ეს პროცესი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. როგორც საჯარო განცხადებებიდან ჩანს, ერთმანეთს ე.წ. „ახალაიების ფრთა“ და გოროზია-წითლიძის ჯგუფი უპირისპირდება.

ენმ-ის პოლისტაბჭოს წევრებს რეგიონებში ადგილობრივ კონფერენციებზე ირჩევენ. ამ გზით 20 იანვრის ყრილობაზე არჩეულ 63 წევრს კიდევ 40 უნდა დაემატოს.

როგორც პარტიის პრესსამსახურში ამბობენ, კონფერენციების ჩატარებისთვის ბოლო ყრილობიდან სამი თვის ვადა აქვთ. ენმ-ის ინფორმაციით, კახეთიდან, იმერეთიდან, შიდა ქართლიდან, გურიიდან და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთიდან უკვე უკვე არჩეულია პოლიტსაბჭოს 14 წევრი. შესაბამისად, 20 აპრილამდე კიდევ 26 წევრი უნდა აირჩიონ, მათგან 6 - სამეგრელოდან.

შიდაპარტიული დაპირისპირება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა სამეგრელოს აქტივს საჯაროდ მოუწოდა, მხარი არ დაუჭირონ ზაალ გოროზიას, რომელიც მარტვილის საკრებულოს წევრია ნაციონალური მოძრაობიდან და სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოს წევრობასაც აპირებს.

დაპირისპირების შესახებ თაქთაქიშვილს მედიასთან საუბარი არ სურს. მან ტაბულას მხოლოდ ის უთხრა, რომ შეგვიძლია მისი ფეისბუქ პოსტებით ვიხელმძღვანელოთ.

„ჯერაც არ ვიცი ზუსტად, ვინ ვის ერჩოდა და ვინ ვის უჭერდა მხარს. მაგრამ ან ეს ნაძირალა და მისი ადეპტები იქნებიან ნაციონალურ მოძრაობაში, ან მე!! გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია, მეგრელებო! არ დაუშათ, რომ ამ ნაძირალას აყვეთ ბინძურ პროვოკაციაში, არავითარი მივარდა, ანგარიშსწორების მსგავსი არ გაივლოთ გულში ცხელ გულზე!! მაგრამ დაიმახსოვრეთ, სამეგრელოს სირცხვილად დარჩება ისტორიას, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ კლანის ხელში აღმოჩნდეს სამეგრელოში!!“, - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი ფეისბუქზე.

თაქთაქიშვილის ამ პოსტს წინ უძღოდა მისი მეუღლის, ენმ-ის აქტივისტ ილო ნიკოლაიშვილის აქტიურობა. ამ უკანასკნელმა Facebook-ზე ზაალ გოროზიასთან მიმოწერა გამოაქვეყნა, სადაც გოროზია მას ემუქრება და აგინებს. ილო ნოკოლაიშვილი წერს, რომ გოროზიასგან შეტყობინება მას შემდეგ მიიღო, რაც ქართულ ოცნებასთან კავშირში, ნეპოტიზმსა და კორუფციაში დაადანაშაულა.

„მოვუწოდებ ენმ-ს აქტივს სამეგრელოში. აღსდეგით და არ დაუშვათ კორუმპირებული, ანტიდასავლელი და ქოცებთან ჩახუტებული გოროზიას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ინტეგრირების შესაძლებლობა! ვინც არ უნდა დაგელაპარაკოთ, ვინც არ უნდა გთხოვოთ, ვინც რა და როგორ არ უნდა მოაგვაროს არავის არ დაემორჩილოთ ... შიხიაშვილი და გოროზია არ განსხვავდებიან და ისინი საერთო ეროვნულ პრობლემას წარმოადგენენ! თქვენი იმედი მაქვს!“, - წერდა ნიკოლაიშვილი ფეისბუქზე 15 თებერვალს.

თავად ზაალ გოროზია ტაბულასთან ამბობს, რომ ეს „ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესია“. ამასთან, პოლიტსაბჭოს წევრობაზე კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს.

„არაფერი დაპირისპირება არ არის, ყველაფერი მშვიდად არის. ჩვეულებრივი პროცესია. რა ვუყო, რომ წერენ. რავიცი, მე დაპირისპირება არ მინახია და ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესია. ყველა ყველაფერს გაიგებს რომ დამთავრდება არჩევნები. [პოლიტსაბჭოს წევრობის არჩევნებში] შეიძლება მივიღო მონაწილეობა, შეიძლება არა. არ არის გამორიცხული რომ საკუთარი კანდიდატურა წარვადგინო“, - ამბობს გოროზია.

ტაბულას სხვა კითხვებს მან არ უპასუხა და გვითხრა, რომ მოგვიანებით დავურეკოთ. თუმცა, ჩვენს სატელეფონო ზარებს მეოთხე დღეა არ პასუხობს.

პარტიის აქტივისა და მხარდამჭერების ნაწილი ზაალ გოროზიას ლობირებაში ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრს, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატს ანა წითლიძეს ადანაშაულებს. ტაბულასთან საუბარში წითლიძე ამ ყველაფერს „ჯანსაღ პროცესს“ უწოდებს და ამბობს, რომ თუ აქამდე „პარტიაში ბოკერიას ხელმძღვანელობით 5-6 კაცი იღებდა გადაწვეტილებას“, ახლა რეგიონი ირჩევს პოლიტსაბჭოში წარმომადგენლებს.

„შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი, ჯანსაღი, დემოკრატიული პროცესი, როდესაც რეგიონულ კონფერენციაზე აირჩევს რეგიონული აქტივი ვინ უნდა ჰყავდეს არა ხელდასმით, არამედ თვითონ. შესაბამისად, რეგონული კონფერენციის შემდეგ, რომელიც ჩატარდება თვის ბოლოს, ზუგდიდის და სამაგრელოს ორგანიზაცია იქნება ისეთი ძლიერი, როგორც არასოდეს“, - ამბობს წითლიძე.

რაც შეეხება ბრალდებებს გოროზიას ლობირებასთან დაკავშირებით, ანა წითლიძე ამბობს, რომ ამას გადაწყვეტს მარტვილი.

„ზაალ გოროზია არის მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე და მარტვილმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა ჰყავდეს პოლიტსაბჭოში წარმოდგენილი. მანამადე ხდებოდა ისე, რომ თბილისში გადაწყვეტდა ბოკერია ხუთ კაცთან ერთად და შემდეგ აღსასრულებლად ამას გადაუგზავნიდნენ მარტვილს, ზუგდიდს და ა.შ. დღეს არ ხდება ასე“, - ამბობს წითლიძე.

გარდა ამისა, ის ტაბულასთან ადასტურებს, რომ პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა სურს. ამ პოსტზე კანდიდატს რაიონული კონფერენცია პოლიტსაბჭოს წევრების არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ აირჩევს.

ზაალ გოროზიას ინტერესების ლობირებაში პარტიის აქტივი ზუგდიდის საკრებულოს კიდევ ერთ წევრს, ლევან კონჯარიას ადანაშაულებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს წევრობა მასაც სურს. ტაბულას სატელეფონო ზარებს კონჯარია მეოთხე დღეა არ პასუხობს, მას შემდეგ, რაც გვითხრა, რომ შეხვედრაზეა და მოგვიანებით დავრეკოთ.

პოლიტსაბჭოს წევრობის კიდევ ერთ კანდიდატად სახელდება ზუგდიდის საკრებულოს წევრი ბესიკ გაბუნია. მან ტაბულასთან დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურის დაყენება სურთ, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ ჯგუფს აქვს ეს სურვილი.

„არანაირი დაპირისპირება არ არის და ჯერ მე არ მაქვს გადაწყვეტილი. ჩემ სურვილზე არ არის დამოკიდებული, გუნდის აზრია ეს, გუნდმა მოიფიქრა, მაგრამ მე თვითონ არ მაქვს გადაწყვეტილი. ჩემმა გუნდმა, ჩემმა მეგობრებმა შემომთავაზეს, კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ“, - უთხრა მან ტაბულას და სხვა კითხვებს არ უპასუხა. წითლიძის და კონჯარიას მსგავსად, უკვე მეოთხე დღეა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს არც გაბუნია.

ენმ-ში არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი კვლავ გუშინ, 23 თებერვალს გააქტიურდა. ანა წითლიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ სამეგრელოში რეგიონული კონფერენცია გაუგებარი მიზეზით გადაიდო. პოლიტსაბჭოს წევრი პარტიის პრესსამსახურისგან განსხვავებულ ინფორმაცას ავრცელებს და წერს, რომ რეგიონული კონფერენციები მიმდინარე წლის 28 თებერვლამდე უნდა უნდა ჩატარებულიყო.

„რა ხდება? რა არ მოგწონთ? რამე განსაკუთრებული ხდება სამეგრელოში? რატომ არ აძლევთ სამეგრელოს უფლებას თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება? რას რევთ? რისი გეშინიათ? იმისი ხომ არა რომ როგორც არასოდეს პარტიულ ისტორიაში პირველად სამეგრელო თვითონ წყვეტს დღეს ვინ უნდა აირჩიოს თბილისის ჩარევების გარეშე? არ გამოვა ეგ ამბავი! სასწრაფოდ დანიშნეთ რეგიონული კონფერენციის თარიღი სამეგრელოში”, - წერს წითლიძე.

ამ თემაზე დამატებით განმარტებებს წითლიძე სატელეფონო საუბარში არ აკეთებს. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის გადამოწმება ტაბულამ წითლიძესთან სცადა, მეგის ქარდავას და ვახტანგ ლემონჯავას მხრიდან პარტიის აქტივზე ზეწოლას უკავშირდება. კითხვას, ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციას, წითლიძე პასუხობს, რომ კომენტარის გაკეთება არ სურს.

“არ გავაკეთებ ამასთან დაკაშირებით კომენტარს. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება და არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ კომენტარს არ გავაკეთებ მანამ, სანამ არ მეცოდინება რეგიონული კონფერენციის თარიღი. არ გამიჭირდება ყოველ შემთხვევაში ამაზე საჯაროდ საუბარი, რომ იყოს ასე“, - ამბობს წითლიძე.

ზეწოლაზე გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება დაპირისპირების სხვა მონაწილეებთანაც ვცადეთ, თუმცა ამ დრომდე - უშედეგოდ.

ტაბულა სამეგრელოში მიმდინარე პროცესების შესახებ ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერს, თინა ბოკუჩავას ესაუბრა. კითხვას, რამ გამოიწვია დაძაბულობა სამეგრელოს ორგანიზაციაში, დეპუტატი პასუხობს:

„ეს არის პოლიტიკური პარტია, სადაც არიან ძალიან მოტივირებული, თავდადებული და ერთგული ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ ყველა ხმას და ყველა აქტივისტს ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი პოლიტსაბჭოში. სწორედ ამ მიზნით გაიზარდა პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობაც, რომ მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყოფილიყო და რეგიონებს მისცემოდათ შესაძლებლობა, შესაბამისი წარმომადგენელი ჰყოლოდათ გადაწყვეტილების მთავარ მიმღებ ორგანოში. რა თქმა უნდა გარკვეული ინტერესთა ჭიდილი შეიძლება ნებისმიერ ცოცხალ, ნორმალურ და დემოკრატიულ პარტიაში არსებობდეს. მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდება პარტიისთვის ყველაზე სასარგებლოდ. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი დემოკრატიული წესით ხდება პოლიტსაბჭოს დაკომპლექტება“, - ამბობს ბოკუჩავა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრების შერჩევა გრძელდება სხვა რეგიონებშიც. პარტიაში ამ დროისთვის არ ანკონკრეტებენ, რომელ რეგიონს რამდენი კვოტა ეკუთვნის.

კომენტარები