ფარული მოსმენები

ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

თორნიკე ბარათაშვილი

საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებული კანონი მეორე მოსმენით 84 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონპროექტს ხმა არ მისცა პატრიოტთა ალიანსის ფრაქციამაც.

კანონპროექტი, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დღეს მეორე მოსმენით მუხლობრივად აღარ განიხილეს, რამაც "მოძრაობა თავისუფლებისთვის" დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია და მათ პროტესტის ნიშნად სესია დატოვეს.

ოპოზიციის განცხადებით, კანონპროექტით არაფერი იცვლება და "კვლავ სუს-ი მოგვისმენს". 

დღეს კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა. "მაგალითად, ის, რომ სააგენტოს უფროსის მოადგილეებს აღარ დანიშნავს სუს-ის უფროსი, ასევე სუს-ის უფროსი არ იქნება ექსკლუზიური წარმდგენი კანდიდატისა, ან კანდიდატებისა, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა უნდა დანიშნოს, ასევე სააგენტოს დებულებას არ დაამტკიცებს სუს-ის უფროსი, მას დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა ან პრემიერმინისტრი", - თქვა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

ცვლილებების თანახმად, სუს-ის ფარგლებში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ე.წ. გასაღები.

2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მიყურადების განხორციელების არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაავალდებულა შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.

არასამთავრობოების განცხადებით, თუ მოსმენების "გასაღები" ექნება სააგენტოს, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ფუნქცია, მაშინ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება არ შესრულდება.

კომენტარები