ნარკოპოლიტიკა

გირჩი შსს-ს ნარკოტიკების ინტერნეტით შეძენის შესაძლო მფარველობაში ადანაშაულებს

პოლიტიკურმა პარტია გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი და ინტერნეტის საშუალებით იყიდეს 5 გრამი ბიო ნარკოტიკი.

ჯაფარიძის თქმით, მათ ამ ექსპერიმენტით იმის დემონსტრირება სურთ, თუ რა მარტივია ბიოს შეძენა, როგორია ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა და რას აკეთებენ მოქალაქეები მაშინ, როდესაც კანაფის კულტივირება და მოხმარება აკრძალულია.

ჯაფარიძის თქმით, ბიო ნარკოტიკის შეძენით, რომელიც 400-ჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე მარიხუანა, ქვეყნიდან თვეში 6 მილიონი ლარი გაედინება.

ჯაფარიძემ ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა, ნარკოტიკების ინტერნეტით შეძენის სქემას თავად სამართალდამცველები მფარველობენ.

"თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა მასშტაბებზე და სქემაზეა საუბარი ბუნებრივად გაუჩნდება ნებისმიერ ადამიანს კითხვა, რომ ხომ არ არის ეს სქემა და ზოგადად ნარკოპოლიტიკა სპეციალურად შექმნილი ისე, რომ ვიღაცა ითბობდეს ხელს, ცხადია როდესაც ვსაუბრობ ვიღაცაზე პირველ რიგში ყველას თავში მოსდის ძალოვანი სტრუქტურები და შინაგან საქმეთა სამინისტრო,"- თქვა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ პარტიის ოფისში თავად გამოიძახა შსს, რათა ნაყიდი ნარკოტიკი პოლიციისთვის ნებაყოფლობით გადაეცა, რაც მისი თქმით, 260-ე მუხლის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს. გირჩის ცნობით, შსს-ს წარმომადგენლებმა ჯაფარიძეს ჩამოართვეს მოკლე ჩვენება, ჩაიაბრეს ბიო ნარკოტიკი და ჯაფარიძე განყოფილებაში გადაიყვანეს სადაც მან დამატებითი ჩვენება უნდა მისცეს.

კომენტარები