საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს პრესსამსახური: ახალი არაფერია, შარაშენიძე ლოცვაზეა და ვერ გპასუხობთ

news.ge

დეკანოზი დავით შარაშენიძე, რომელიც საპატრიარქოს მიერ გუშინ, 24 თებერვალს, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოფიციალურ განცხადებებს გააკეთებს, დღეს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ტაბულას სურდა გადაემოწმებინა გავრცელებული ინფორმაცია პატრიარქის დაცვის სამსახურის 17 თანამშრომლის მიერ თანამდებობის დატოვების, ასევე, სოსო ოხანაშვილის ნაცვლად დაცვის უფროსად ზურაბ ბუჩუკურის სავარაუდო დანიშვნის შესახებ.

დავით შარაშენიძესთან მორიგ სატელეფონო ზარზე ტაბულას უცნობმა პირმა უპასუხა და განუცხადა, რომ ის "დაკავებულია, ვერ გიპასუხებთ".

საპატრიარქოს პრესსამსახურის თანამშრომელი კი ამბობს, რომ შარაშენიძე "ლოცვაზე დგას და ამიტომ ვერ გპასუხობთ".

"მამა დავითი არის პრესცენტრის ხელმძღვანელი და ახალი არ არის. გუშინ თანამდებობაზე კი არ დაინიშნა, მიეცა პასუხისმგებლობა, რომ ოფიციალური განცხადებები მხოლოდ მან გააკეთოს, რომ რაღაც აზრთა სხვადასხვაობა არ იყოს, იმიტომ, რომ ყველა თავის პოზიციას აფიქსირებდა. იცით რა, ახლა ლოცვაზე დგას და იმიტომ არ გპასუხობთ. როგორც კი რამე განცხადება იქნება, აუცილებლად გაგაგებინებთ", - ამბობს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

ტაბულას კითხვას, ადასტურებენ თუ არა სოსო ოხანაშვილისა და დაცვის 17 თანამშრომლის მიერ თანამდებობის დატოვებას, პრესსამსახურში პასუხობენ:

"ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ, ასეთი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ნუ დაწერთ ჩემი სახელით, ლოცვა-კურთხევა აქვს მამა დავითს, მან უნდა გიპასუხოთ ამ კითხვებზე და ხომ გააკეთა ამის შესახებ გუშინ განცხადება".

ტაბულა დაინტერესდა როგორ უნდა ვკითხოთ ამის შესახებ დავით შარაშენიძეს, როცა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. რაზეც პრესსამსახურში გვითხრეს:

"იმიტომ, რომ დღეს დილას წირვაზე იდგა და ეხლა ლოცვაზეა, შუალედში შეიძლება ისვენებდა შაბათ-კვირას რა ვიცი... თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევა იქნება და რამე განცხადება გაკეთდება, აუცილებლად ჩართავს ტელეფონს და აუცილებლად გიპასუხებთ, რაზეა საუბარი. უბრალოდ, დღეს წირვა-ლოცვის დღე აქვს და თან განცხადება არ გაკეთებულა საპატრიარქოში. მოგეხსენებათ, ეხლა დიდმარხვა იწყება, ასეთი დღეებია და ლოცვისთვის... იცით რა არის, იქნება ასე - მხოლოდ განცხადებებს გააკეთებს. კომენტარებზე და რაღაცებზე, როცა ამის საჭიროება იქნება, იმ შემთხვევაში გიპასუხებთ. ხომ გესმით, რომ ყველა მამა დავითს ურეკავს და თან ერთი და იგივეს იმეორებს და განცხადება უკვე გაკეთდა, ახალი არაფერი მომხდარა", - ამბობენ პრესსამსახურში.

საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 24 თებერვლიდან ოფიციალურ განცხადებებს დეკანოზი დავით შარაშენიძე გააკეთებს. მანამდე საპატრიარქოს სახელით განცხადებებს მიქაელ ბოტკოველი აკეთებდა, რომელმაც ეს თანამდებობა 23 თებერვალს დატოვა.

კომენტარები