პრემიერი: სამშობლოსთვის დაღუპულთა სახელების უკვდავსაყოფ ინიციატივებს მივესალმები

პრემიერმინისტრის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, მისასალმებელია ყველა ინიციატივა, რომელიც სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სახელის უკვდავყოფას ისახავს მიზნად.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, 1921 წლის თებერვლის ბრძოლის ადგილზე სანგრების ნაწილი აღდგება და მათ ტურისტული დანიშნულება ექნება.

"მივესალმები ყველა ასეთ ინიციატივას. ჩვენ უფრო მეტად უნდა მოვიხსენიოთ ისინი, მათ შორის სკოლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ ადამიანებმა უდიდესი ისტორიული საქმე გააკეთეს ძალიან უთანასწორო ბრძოლაში, ამიტომ ჩვენი ვალია მათი ხსოვნის პატივისცემა", - აღნიშნა პრემიერმა.

ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ გააკეთა. პრემიერმა პატივი მიაგო 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

"დღევანდელი თარიღი არის ტრაგიკული საქართველოს უახლეს ისტორიაში. საქართველომ შეძლო მე-20 საუკუნის დასაწყისში ცოტა ხნით ყოფილიყო დემოკრატიული, დასავლური სახელმწიფო. სამწუხროდ, ამ ბიჭების გმირობამაც ვერ გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. თუმცა, ჩვენ გრძელვადიანი ომი მოსაგები გვაქვს და ეს ომი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, ნამდვილად ევროპული საქართველოს მომავლის მშენებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი, რომ მომავალ თაობებს დავუტოვოთ ნამდვილად თავისუფალი, გაერთიანებული ქვეყანა. მე ამის ღრმად მწამს. ამ გმირების სულები დღესაც გვინათებს გზას და ჩვენი ვალია, რომ ღირსეულად ვატაროთ მათი შთამომავლების სახელი. ჩვენ ასევე გვმართებს შევქმნათ უფრო მეტი სიმბოლიკა, მათ შორის ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტად მოვიხსენოთ ისინი - ადამიანები, რომლებმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლაში თავი დადეს და საკუთარი სიცოცხლე გასწირეს" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრი იუნკერთა მემორიალთან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა.

დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიიდან და ოკუპაციიდან 96 წელი გავიდა.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

ანექსიის შედეგად ქვეყანაში დამყარებულმა კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა საქართველოს ასეულობით მოქალაქე.

საქართელოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

კომენტარები