საქართველოს საპატრიარქო

ექიმი: პატრიარქს დილით მცირე სისუსტე ჰქონდა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია

რუსთავი 2

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ექიმის ინფორმაციით, ილია მეორეს დღეს დილით ჰქონდა მცირედ გამოხატული სისუსტე, თუმცა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"პატრიარქის მდგომარეობა არის კარგი, სტაბილურია. დილით მას ჰქონდა მცირედ გამოხატული სისუსტე. რეკომენდაცია გერმენელი ექიმებისაც იყო, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ის ყოფილიყო მშვიდად, ჰქონოდა ნაკლები ფიზიკური და ემოციური დატვირთვა, მაგრამ, მოგეხსენებათ, აქ მიმდინარე მოვლენების გამო ეს არ გამოვიდა. ამიტომ, რასაკვირველია, ცოტა მაინც იმოქმედა ამ ყველაფერმა", - განუცხადა შალვა პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, დღეს საღამოს ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში მივა და შენდობის წესს აღავლენს.

"ამ ეტაპზე საშიშროება არაფერი არ იკვეთება მისი ჯანმრთელობის მხრივ. საღამოს, სავარაუდოდ, უწმინდესი მიბრძანდება სამებაში", - ამბობს ექიმი.

დღეს დილით, მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა არ აღუვლენია.

მიზეზი სასულიერო პირებისთვისაც უცნობია, თუმცა, ისინი პატრიარქს სამებაში დღეს, 18:00 საათზე, შენდობის წესის შესრულებაზე ელოდებიან.

კომენტარები