ე.წ. აფხაზეთის რკინიგზა

კაპანაძე ე.წ. აფხაზეთის რკინიგზაზე: გვინდა, პასუხი გაგვცეს ხელისუფლებამ

თეორემა/ტაბულა

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" დეპუტატი სერგი კაპანაძე ე.წ. აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ის ხელისუფლებისგან განმარტებებს მოითხოვს.

"ჩვენ, ბოლო წლებია ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალყურს. როგორც წესი, ინფორმაცია ე.წ. აფხაზურ რკინიგზაზე ვრცელდება ხოლმე რუსულ და სომხურ პრესაში და იქ არის ხოლმე იმაზე საუბარი, რომ გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქართულ მხარესთან. ქართული მხარე კი, როგორც წესი, ამაზე უარს ამბობს და არ აღიარებს, რომ მსგავსი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ არ გვაქვს მექანიზმები, რომ ეს გადავამოწმოთ და ხშირად ის ინფორმაცია, რომელიც მოდის სხვადასხვა წყაროდან, არის ხოლმე ძალიან საგანგაშო. გვინდა, რომ პასუხი გაგვცეს ხელისუფლებამ.

ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო თვეებში ძალიან ბევრ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯზე წავიდა ხელისუფლება, მათ შორის "გაზპრომის" შეთანხმებაზე და დღემდე ასაიდუმლოებენ ამას. ამიტომ ყველანაირი მოლოდინი და სრული საფუძველი გვაქვს იმის, რომ ვივარაუდოთ, ასეთი მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდეს. ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი - თუ არ იქნა ბევრი ჩვენთვის სასიცოცხლო ინტერესი გათვალისწინებული, ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება.

ეს დისკუსიები თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო. იქ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი. ამ რკინიგზის გახსნა ისე, როგორც ივანიშვილმა თავის დროზე ახსენა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის ძალიან კატასტროფული შედეგის მომტანია. ბუნებრივია, ამით დაინტერესებულია, პირველ რიგში, რუსული მხარე და საოკუპაციო რეჟიმი იმიტომ, რომ ეს მათთვის მომგებიანია. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, გახსნილობა იყოს და ადამიანებს გადაადგილების და დევნილებს დაბრუნების საშუალება ჰქონდეთ და უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმები არსებობდეს. ეს მიზნები თუ მიღწეული იქნება, რა თქმა უნდა, ყველაფრის განხილვა შეიძლება", - თქვა კაპანაძემ.

ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ უარყო ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერმინისტრთან აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრეს.

სომხეთის პრემიერი კარენ კარაპეტიანი საქართველოში იყო ჩამოსული და გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა გამართა. პრემიერმინისტრებმა შეხვედრის დეტალებზე მედიასთან არ ისაუბრეს. მათ მხოლოდ აღნიშნეს, რომ საუბარი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ეხებოდა.

სომხურ მედიაში კი გაჩნდა სტატიები, რომლებშიც ლარსის ალტერნატივად ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დამაკავშირებელი სარკინიგზო გზა დასახელდა.

კომენტარები