დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: პროკურატურამ დეკანოზს კითხვები შორენა თეთრუაშვილზეც დაუსვა

რუსთავი 2

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს. შესვენებისას ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ თქვა, რომ პროკურატურას დეკანოზ გიორგი მამალაძესთან კითხვები შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებითაც ჰქონდა. მისივე თქმით, დაკითხვა ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს.

"დაკითხვა პროცედურულად შეჩერდა იმიტომ, რომ 4 საათის შემდეგ უნდა გამოცხადდეს შესვენება. ამის შემდეგ, კვლავ გაგრძელდება ჩვენების მიცემა. ჩვენების მხოლოდ ნახევარი მისცა ჯერ მამა გიორგიმ. ამ ეტაპისთვის დაკითხვა ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს. დაცვის მხარეს რა ღონისძიებებიც გვქონდა დაგეგმილი, ყველაფერი მიდიოდა გეგმის მიხედვით.

კიდევ გავიმეორებ, რომ მამა გიორგის ჩვენება ბრალის შინაარსობრივ მხარეს მთლიანად შეცვლის. დიდი ალბათობით, მისი ბრალეულობა კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. მამა გიორგი მამალაძემ რამდენიმე სახელი და გვარი გააჟღერა, ჩვენებაში რამდენიმე სახელსა და გვარზე იყო საუბარი. შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით კითხვები იყო დასმული, თუმცა, რა ფორმით იყო დასმული, ვერ გეტყვით", - ამბობს ადვოკატი.

პროკურატურის წარმომადგენლები ე.წ. მატროსოვის ციხეში 11 საათისთვის მივიდნენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. ერთიკვირის განმავლობაში, მამა გიორგის ადვოკატები ამბობდბენ, რომ დეკანოზი მზადა იყო, დუმილის უფლება დაერღვია და გამოძიებისთვის ჩვენება მიეცა, თუმცა, პროკურატურა დაკითხვას აჭიანურებდა. საგამოძიებო უწყებამ კი, ადვოკატების განცხადებებს სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ დაკავებულს დაკითხვა ხუთჯერ შესთავაზეს.

კომენტარები