რუსთავი 2-ის საქმე

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა რუსთავი ორის საქმეს 2 მარტს განიხილავს

ტელეკომპანია რუსთავი 2

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა რუსთავი ორის საქმეს 2 მარტს, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს. 

"დიდი პალატის შემადგენლობა - ნინო გვენეტაძე (ჩვენ მოვითხოვეთ აცილება), მზია თოდუა (ქართული ოცნების ოფიციალური დამფინანსებელი, ქართუს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მოსამართლედ გამწესებამდე. მოვითხოვეთ აცილება), ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი შავლიაშვილი", - წერს გვარამია Facebook-ში და აღნიშნავს, რომ ქიბარ ხალვაშის მხარემ გასიტაშვილის, ქათამაძისა და ალავიძის აცილება მოითხოვა. სწორედ ამ მოსამართლეებმა გადასცეს საქმე დიდ პალატას.

უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას 22 ნოემბერს გადასცა.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს განიხილავს.

დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.

დიდი პალატა საქმეს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. 

დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის.

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივრის განხილვა 21 ნოემბერს დაიწყო. ტელეკომპანიის იურისტების შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავდა.

რუსთავი 2 ასაჩივრებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.

კომენტარები