დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

დაახლოებით 9 საათია, რაც ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზის დაკითხვა მიმდინარეობს

დეკანოზი გიორგი მამალაძე
Facebook/ Ana Akhaladze

დაახლოებით 9 საათია, რაც ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს. პროკურორები და ადვოკატები საპატიმრო დაწესებულებაში 11:00 საათზე შევიდნენ.

დღეს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ამტკიცებდა, რომ 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე არ უსაუბრია.

შეგახსენებთ, რომ, პროკურატურის ვერსიით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერება ციანიდით 10 თებერვალს დააკავეს, როდესაც ის გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც იმ დროისთვის პატრიარქი მკურნალობდა. უწყება 13 თებერვალს ამტკიცებდა, რომ დეკანოზი "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მკვლელობას გეგმავდა. ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებმაც გაამძაფრა აზრი, რომ პატრიარქის მკვლელობა იყო დაგეგმილი. რამდენიმე დღეში კი პროკურატურამ რეზონანსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პატრიარქის ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა, რაც უწყებამ იმავე დღეს "მედიის მიერ სხვა ინტერპრეტაციის მიცემით" უარყო და საზოგადოებას მოუწოდა, 13 თებერვლის განცხადებით ეხელმძღვანელა. დეკანოზის ახალმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა 20 თებერვალს თქვა, რომ ბრალდება გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავება.

24 თებერვალს დეკანოზს მტკიცებულებებთან შესადარებლად, ხმის, დნმ-ისა და ხელწერის ნიმუშებს აუღეს.

კომენტარები